დავით ზალკალიანი - 2019 წელს პრიორიტეტი იქნება საგზაო რუკაზე მუშაობა, რომელიც დაგვეხმარება, მოვემზადოთ მომენტისთვის, როდესაც ევროკავშირში პოლიტიკური გადაწყვეტილება მომწიფდება
დავით ზალკალიანი - 2019 წელს პრიორიტეტი იქნება საგზაო რუკაზე მუშაობა, რომელიც დაგვეხმარება, მოვემზადოთ მომენტისთვის, როდესაც ევროკავშირში პოლიტიკური გადაწყვეტილება მომწიფდება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აცხადებს, რომ მომავალ წელს საქართველოს საგარეო უწყება აქტიურად გააგრძელებს ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკაზე მუშაობას. ამის შესახებ დავით ზალკალიანმა 2019 წლის გეგმებთან დაკავშირებით პირველი არხის კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

„ეს საგზაო რუკა არის ჩვენი ძალიან ამბიციური ამოცანა. ეს რუკა ჩვენ დაგვეხმარება, რომ ქვეყანა მოვამზადოთ იმ მომენტისთვის, როდესაც პოლიტიკური გადაწყვეტილება მომწიფდება. ჩვენ უნდა ვიყოთ მზად. ჩვენ დასაკარგი დრო არ გვაქვს. ეკონომიკა, ვაჭრობა, სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვა, ენერგეტიკა – ყველა სექტორული მიმართულებით ვაგრძელებთ მუშაობას. ძალიან დატვირთული დღის წესრიგი გვაქვს. ჩვენ გვინდა, რომ იმ ამოცანებზე გვქონდეს წვდომა და ის ამოცანები დავისახოთ პრიორიტეტად, რაც ევროკავშირის წევრობისთვის არის კრიტერიუმი, ამიტომ საგზაო რუკა არის ამბიციური და წევრობისთვის საჭირო კრიტერიუმებთან თავსებადი“, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

მისივე თქმით, ს​​აგზაო რუკაზე მუშაობა პრაქტიკულად დასრულებულია.

„ჩვენ ვართ ბოლო ფაზაზე შინაარსობრივი ნაწილის თვალსაზრისით. უწყებებს შორის კოორდინაციას საგარეო უწყება უწევს. ჩართულია სამოქალაქო საზოგადოება. პროცესში უზრუნველყოფილია სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა. ეს დოკუმენტი ითვალისწინებს საქართველოს მეტ სექტორულ თანამშრომლობას ევროკავშირთან, მეტ ახალ ფორმატს, მეტ ჩართულობას ევროკავშირის პროექტებში, პროგრამებში. ითვალისწინებს ისეთ პროექტებში ჩართულობას, რომელშიც წევრი ქვეყნები არიან ჩართული. ეს იქნება ჩვენი მთავარი პრიორიტეტი 2019 წელს“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.