დავით ზალკალიანი - 2008 წლის ომზე სალომე ზურაბიშვილის განცხადება პირადად მისი პოზიციაა
დავით ზალკალიანი - 2008 წლის ომზე სალომე ზურაბიშვილის განცხადება პირადად მისი პოზიციაა

2008 წელს რუსეთის მხრიდან განხორციელდა აგრესია, რასაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია მოჰყვა, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილის პოზიციასთან დაკავშირებით, რომლის თანახმად, 2008 წლის აგვისტო ომი საქართველომ დაიწყო.

„არაერთხელ განმიცხადებია როგორც საკუთარი, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროს პოზიცია, რომ 2008 წელს რუსეთის მხრიდან განხორციელდა აგრესია, რასაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია მოჰყვა. ეს არის პოზიცია, რომელსაც მუდმივად ვაფიქსირებდით; პოზიცია, რომელსაც ჩვენ მუდმივად გამოვხატავთ ყველა საერთაშორისო ფორუმზე, ყველა ჩვენ განცხადებაში; პოზიცია, რაზეც ვსაუბრობთ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატში“, – განაცხადა ზალკალიანმა.

ამასთან, მინისტრის შეფასებით, სალომე ზურაბიშვილი არის პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი და მისი განცხადება პირადად მისი პოზიციაა.

„ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა განცხადება, რომ მას არ ჰყავს პრეზიდენტობის კანდიდატი. აქედან გამომდინარე, ეს 2008 წლის ომის თაობაზე გაკეთებული განცხადება არის პირადად სალომე ზურაბიშვილის პოზიცია“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.