დავით ზალკალიანი - საგარეო საქმეთა მინისტრების გზავნილი დადასტურებაა იმ სოლიდარობის, რასაც ჩვენ ევროკავშირელი კოლეგების მხრიდან მუდმივად ვგრძნობთ 
დავით ზალკალიანი - საგარეო საქმეთა მინისტრების გზავნილი დადასტურებაა იმ სოლიდარობის, რასაც ჩვენ ევროკავშირელი კოლეგების მხრიდან მუდმივად ვგრძნობთ 

მინდა, მადლიერება გამოვხატო ჩვენი პარტნიორი ევროკავშირის 13 საგარეო საქმეთა მინისტრის მიმართ, რომლებმაც გააგზავნეს წერილი ევროკომისიაში, რათა აღმოსავლეთ პარტნიორ წევრ ქვეყნებს და მათ შორის საქართველოს, გაეწიოს მყისიერი დახმარება ვაქცინების საქართველოში გამოგზავნასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გზავნილი და დადასტურება სოლიდარობის, რასაც, როგორც ზალკალიანი ამბობს, ევროკავშირელი კოლეგების მხრიდან მუდმივად გრძნობენ.

ამასთან, ზალკალიანმა აღნიშნა, რომ უწყვეტი კომუნიკაცია აქვთ ყველა პარტნიორ ქვეყანასთან, რათა საქართველომ რაც შეიძლება ადრე მიიღოს ვაქცინა.

„ეს კიდევ ერთხელ ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია ჩვენთვის, დადასტურება იმ სოლიდარობის, რასაც ჩვენ მუდმივად ვგრძნობთ ევროკავშირელი კოლეგების მხრიდან. მინდა, თითოეულ მათგანს, ცამეტივე საგარეო საქმეთა მინისტრს ჩემი გულწრფელი მადლიერება გადავცე და საზოგადოებას ვაუწყო, რომ ჩვენ ვართ მუდმივ კომუნიკაციაში ყველა ჩვენს პარტნიორ ქვეყანასთან ერთად იმისთვის, რომ საქართველომ რაც შეიძლება ადრე მოიპოვოს ვაქცინა. ამ მიმართულებით საქმიანობა უკვე დაწყებულია.

გუშინდელი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზეც პრემიერ-მინისტრის დავალებით ჩვენ შემოგვიერთდნენ ევროკავშირის და სხვა პარტნიორ წევრ ქვეყნებში ჩვენი საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები. მათ საკოორდინაციო საბჭოს მიაწოდეს სრულყოფილი ინფორმაცია, თუ რა საქმიანობაა დღემდე საქართველოსთვის ვაქცინის რაც შეიძლება დროულად მიწოდებასთან დაკავშირებით. დარწმუნებული ვარ, ისევე როგორც ეს წერილი, ასევე სოლიდარობაც ჩვენი პარტნიორი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების მხრიდან, უახლოეს მომავალში გამოიღებს თავის შედეგს და საქართველო მისთვის კუთვნილ ვაქცინას მიიღებს“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ევროკავშირის 13 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი სახელმწიფოებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაზაფხულისთვის გადაცემის მოწოდებით გამოვიდნენ. ამის შესახებ საუბარია ევროკომისიის სახელზე გაგზავნილ წერილში.

ევროკავშირის 13 სახელმწიფო მოუწოდებს, ევროკავშირს, შეიმუშაოს გამარტივებული მექანიზმი, რომელიც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრ სახელმწიფოებს და მათ შორის საქართველოს, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მიღებას გაუადვილებს.

 

დატოვე კომენტარი