დავით ზალკალიანი - 10 წლის შემდეგ ანგელა მერკელის ვიზიტი დადასტურებაა, რაოდენ მნიშვნელოვანი ადგილი უკავია საქართველოს გერმანიის პოლიტიკურ დღის წესრიგში
დავით ზალკალიანი - 10 წლის შემდეგ ანგელა მერკელის ვიზიტი დადასტურებაა, რაოდენ მნიშვნელოვანი ადგილი უკავია საქართველოს გერმანიის პოლიტიკურ დღის წესრიგში

საქართველოში გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის 10 წლის შემდეგ ვიზიტი, კიდევ ერთხელ დასტურია იმისა, რაოდენ მნიშვნელოვანი ადგილი უკავია საქართველოს გერმანიის პოლიტიკურ დღის წესრიგში, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.

მის თქმით, საქართველო-გერმანიის ურთიერთობები ბოლო წლებში ძალიან ინტენსიური იყო, რაც ორმხრივი ვიზიტებითაც დადასტურდა.

„მინდა აღვნიშნო, რომ 10 წლის შემდეგ მისი ვიზიტი არის კიდევ ერთხელ დადასტურება იმისა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი ადგილი უკავია საქართველოს გერმანიის პოლიტიკურ დღის წესრიგში. ჩვენი ურთიერთობები ბოლო წლებში ძალიან ინტენსიური იყო, რასაც ადასტურებს ორმხრივი ვიზიტები. ახლახან მქონდა ვიზიტი გერმანიაში, სადაც კიდევ ერთხელ დადასტურდა საქართველოსა და გერმანიას შორის ურთიერთობების ძალიან აქტიური დინამიკა“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, გერმანია არის საქართველოს ევროატლანტიკური და ევროპული პროცესების აქტიური მხარდამჭერი, რაც მკაფიოდ გამოიხატა ბოლო პერიოდის გადაწყვეტილებებში, როდესაც გერმანიამ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი დებულებების ასახვას ნატო-ს დეკლარაციაში მხარი დაუჭირა.

დავით ზალკალიანის განცხადებით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრებზე საუბარი შეეხება ორმხრივ ურთიერთობებს, მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობას.

„ამ ვიზიტს ექნება ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკური კომპონენტი. იგეგმება ეკონომიკური ფორუმი. დელეგაციაში იქნებიან წამყვანი გერმანული კომპანიების წარმომადგენლები და ჩვენ ვისაუბრებთ იმაზე, რომ ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობების დონე  მაღალ პოლიტიკურ ურთიერთობებთან თავსებადობაში უნდა იყოს“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, მერკელი საქართველოს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრიდან რამდენიმე დღეში  ეწვევა.

„არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ სამსაათიანი მოლაპარაკების დროს იყო თუ არა განხილული საქართველოს საკითხი და ამის შესახებ იციან ოპონენტებმა, მით უფრო მაშინ, როდესაც  ამ შეხვედრის შემდეგ არ გაკეთებულა მედიასთან არანაირი კომენტარი. მანამდე იყო საუბარი იმ ძირითად მიმართულებებზე, რომლებიც შეხვედრის დროს განიხილებოდა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია და ეს ჩემი გერმანიაში ვიზიტის დროს გერმანელი კოლეგის მხრიდან დადასტურდა, რომ საქართველო მუდმივად დგას და მომავალშიც იქნება რუსეთთან მათი ურთიერთობის დღის წესრიგში.

ის ფაქტი, რომ გერმანიის კანცლერი ჩამოდის ამ ვიზიტიდან რამდენიმე დღეში, გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ საქართველო ყოველთვის იყო და მომავალშიც იქნება რუსეთთან მათი ურთიერთობის დღის წესრიგში მნიშვნელოვანი მიმართულება“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ანგელა მერკელი საქართველოს 23 აგვისტოს ეწვევა.