დავით ვადაჭკორია - ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამებები ცვლილებებს მოითხოვს, არ შეიძლება, მომხმარებელს ფული ჰქონდეს გადასახდელი, ეს ტვირთი სახელმწიფომ უნდა აიღოს
ბოლო წლებში რამდენი საშუალებაც მომეცა ტელევიზიით, პრესით, სულ ვამბობ, რომ ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამების დიზაინი გარკვეულ ცვლილებებს მოითხოვს, – ამის შესახებ კლინიკა „ნეოგენის“ დირექტორმა, მედიცინის დოქტორმა, დავით ვადაჭკორიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ სტუმრობისას განაცხადა.
„ბევრი რამ მოძველდა, ბევრი რამ არასწორად მიმდინარეობდა და, აქედან გამომდინარე, ცვლილებები აუცილებელი იყო. წარმოუდგენელია იმის თქმა, რომ საქართველოში 5 000, 3 000, 2 000 ადამიანს, წამალდამოკიდებულ პირს, რომელთა უმეტესობა ან უმუშევარია, ან სოციალურად დაუცველ პირთა ბაზაში იმყოფება, შეუძლია, თვეში გადაიხადოს 1 000 ლარი, 900 ლარი, 800 ლარი. ამ ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამაში იდო ისეთი რამ, რაც გულისხმობდა, რომ, გარკვეულწილად, ყველაფერი კანონიერად და სწორად ვერ წარიმართებოდა. შეუძლებელი იყო, უმუშევრებმა, სოციალურად დაუცველმა პირებმა თვეში გადაიხადონ 800, 900 და 1000 ლარი. ეს შეუძლებელია და აქედან გამომდინარე იყო პრობლემები ამასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ვადაჭკორიამ.
ამ განცხადებით დავით ვადაჭკორიამ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, ქმნის თუ არა გარკვეულ რისკებს და საფრთხეებს საკანონმდებლო ცვლილებები, როდესაც მხოლოდ სახელმწიფო დაწესებულებებში ექნებათ უფლება პაციენტებს, რომ მიიღონ ნარკოტიკების ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამები.
ვადაჭკორიას თქმით, ამ თემებთან დაკავშირებით მსჯელობა მიდიოდა ექსპერტებში და ის ისრებს არ გადაიტანს მარტო კერძო პროვაიდერების მიმართულებით.
„სახელმწიფო ხედავდა წლების განმავლობაში, რომ იყო ეს პრობლემა. მსჯელობა მიდიოდა და მე ვერ გეტყვით, რომ ვერ გებულობდა სახელმწიფო, რომ ეს პრობლემა იყო ამ ჩანაცვლებით თერაპიაში, იზრდებოდა პროვაიდერების რიცხვი, იყო ერთი, ორი, სამი, დაემატა მეოთხე, მეხუთე, მეექვსე. არაჯანსაღი სიტუაცია შეიქმნა ამასთან დაკავშირებით და საქმე მივიდა იქამდე, რომ მიღებული იქნა ეს რადიკალური გადაწყვეტილება“, – განაცხადა ვადაჭკორიამ.
როგორც ვადაჭკორიამ აღნიშნა, თუ სახელმწიფოს მინიმალური საშუალება აქვს, ჩანაცვლებითი თერაპიის ტვირთი უნდა აიღოს საკუთარ თავზე.
„არ შეიძლება, ჩვენ მომხმარებელი დავტოვოთ ამხელა პრობლემის წინ, რომ ფული გქონდეს გადასახდელი და, ჩემი აზრია, სახელმწიფომ უნდა შეძლოს, მაქსიმალურად ტვირთი აიღოს საკუთარ თავზე. თავიდან, როდესაც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა ამასთან დაკავშირებით, იმ დღეს გამოვიდა ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი და თქვა, რომ ფასიანი კომპონენტი შენარჩუნდებოდა, თუმცა არ უთქვამს, რა თანხაზე იყო ლაპარაკი, მაგრამ გუშინ ვუსმინე კომიტეტის თავმჯდომარეს პარლამენტში, რომელმაც თქვა, რომ სახელმწიფო მთლიანად აიღებს ამ პრობლემას საკუთარ თავზე, რაც ჩემთვის მისასალმებელია და პაციენტებისთვის ეს დიდი შვებაა. ასე რომ, ეს ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა“, – განაცხადა ვადაჭკორიამ.
ამასთან, ვადაჭკორიამ აღნიშნა, რომ შეიძლებოდა, საქმე ამ რადიკალურ გადაწყვეტილებამდე არ მისულიყო.
„მე საერთოდ ვფიქრობ, რომ კონკურენციის არარსებობა სამედიცინო სერვისის მიწოდებაში კარგი არ არის. ანუ, მონოპოლიზაცია მხოლოდ სახელმწიფოს მიერ ამ სერვისის, ნებსით თუ უნებლიეთ, ხარისხის დაწევის რისკს შეიცავს. ამიტომ, ჩემი აზრით, ამ პროგრამებს მშვენივრად განახორციელებდა კერძო პროვაიდერი, რომ ყოფილიყო სათანადო კონტროლი, რეგულაციები და პროტოკოლი შექმნილი, როგორ უნდა წარმართულიყო ეს პროცესი, თუმცა სახელმწიფომ ამ წლების განმავლობაში აირიდა ეს პრობლემა და თვითდინებაზე მიუშვა, საუბედუროდ, ასეა“, – განაცხადა ვადაჭკორიამ.
შეკითხვაზე, რამდენად იყო კერძო დაწესებულებებიდან უფრო მეტი გზა იმისათვის, რომ ე.წ შავ ბაზარზე მოხვედრილიყო ბუპრენოფინი, რომელსაც ჩანაცვლებითი თერაპიისთვის იყენებენ კერძო დაწესებულებები, დავით ვადაჭკორიამ განაცხადა, რომ დეტალიზაციას არ მოახდეს, მაგრამ როცა პაციენტი მიდის ჩანაცვლებითი თერაპიის კერძო ცენტრში, არ მუშაობს, სოციალურად დაუცველია და ყოველდღე აქვს გადასახდელი 30 ლარი, მას რჩება პრეპარატის გატანის ცდუნება.
„თვითონ ამ წესში, რომელიც იყო, ეს რისკი იდო. შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს ეს რისკი, ხომ? აქ არ უნდა დიდი ანალიზი და ექსპერტობა“, – განაცხადა ვადაჭკორიამ.
შეიძლებოდა თუ არა კონტროლის სხვა გზების მოწესრიგებით ამ პრობლემის გადაწყვეტა, ვადაჭკორიამ თქვა, რომ როცა პაციენტს 30 ლარი აქვს დღეში გადასახდელი, იმის კონტროლი შეუძლებელია.