დავით უტიაშვილი - ზოგადი ინფლაციური მოლოდინები დაბალია, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის ზუსტი გადაწყვეტილების გახმოვანება გამიჭირდება, თუმცა შერბილების ტენდენციის გაგრძელების წინაპირობები არის
დავით უტიაშვილი - ზოგადი ინფლაციური მოლოდინები დაბალია, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის ზუსტი გადაწყვეტილების გახმოვანება გამიჭირდება, თუმცა შერბილების ტენდენციის გაგრძელების წინაპირობები არის

საგარეო ფაქტორები ცვალებადია, მათ შორის, შესაძლოა, რუსეთის გადაწყვეტილებამაც ბენზინის ექსპორტის შესაძლო აკრძალვის კუთხით იქონიოს რაღაც გავლენა, თუმცა ველოდებით, რომ ამის გავლენა იქნება მინიმალური და, ზოგადად, ასეთი ტიპის საგარეო ცვლილებების მიმართ ეროვნული ბანკის პოლიტიკა არ იცვლება ხოლმე, ეს არის ერთჯერადი ან დროებითი ფაქტორები ყოველთვის, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსმა, დავით უტიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, თებერვლის ინფლაცია იყო საკმაოდ დაბალი და ზოგადი ინფლაციური მოლოდინებიც დაბალია.

„ჩვენ ვუყურებთ ფუნდამენტურ ფაქტორებს და ვხედავთ, რომ თებერვლის ინფლაცია იყო საკმაოდ დაბალი და ზოგადი ინფლაციური მოლოდინებიც დაბალია. ამიტომ გვაქვს ყველა წინაპირობა, რომ შერბილების ის ტენდენცია და ის გეგმები, რაც გაცხადებული გვქონდა, გაგრძელდება შემდეგ პერიოდებშიც. მე კომიტეტის ზუსტი გადაწყვეტილების გახმოვანება გამიჭირდება, ბუნებრივია, თუმცა შერბილების ტენდენციის გაგრძელების ყველა წინაპირობა გვაქვს“, – განაცხადა უტიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 13 მარტს არის ჩანიშნული. დღეის მდგომარეობით კი რეფინანსირების განაკვეთი ცხრა პროცენტს შეადგენს.