დავით უტიაშვილი – სესხის მომსახურების კოეფიციენტის ცვლილება ხელს შეუწყობს როგორც დაკრედიტების პროცესზე გავლენის შემცირებას, ისე მსესხებლებისთვის ვალის ტვირთის ოპტიმალურ დონეზე შენარჩუნებას

13:19, 30.09.2026

ეროვნულის ბანკის მიერ სესხის მომსახურების კოეფიციენტის ცვლილების მიზანია, მაღალი ხელფასებისა და ეკონომიკური ზრდის პირობებში შენარჩუნდეს პასუხისმგებლიანი დაკრედიტების პრაქტიკა და დაბალშემოსავლიანი მსესხებლებისთვის ვალის ტვირთი მდგრად დონეზე დარჩეს, – ამის შესახებ სებ-ის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსმა, დავით უტიაშვილმა განაცხადა.

აქამდე თუ სესხის მომსახურების კოეფიციენტის 25%-იანი მოთხოვნა 1 500 ლარამდე შემოსავლის მქონე პირებზე ვრცელდებოდა, ეს ზღვარი 2027 წლის 1 თებერვლიდან 2 000 ლარამდე, ხოლო 2027 წლის 1 სექტემბრიდან  2500 ლარამდე გაიზრდება. აღნიშნული ცვლილება ხელს შეუწყობს მსესხებლების ჭარბვალიანობის რისკების შერბილებასა და ფინანსური სისტემის მდგრადობას.

დავითი უტიაშვილის განმარტებით, ამ დრომდე არსებული მიდგომა 2018 წლიდან მოქმედებს და მსესხებლის შემოსავლის მიხედვით განსაზღვრავს, რა მაქსიმალური წილი შეიძლება მოხმარდეს სესხის მომსახურებას.

მისივე თქმით, 2018 წელს, როდესაც საშუალო ხელფასი 1 000 ლარამდე იყო, 1 500 ლარზე ნაკლები შემოსავლის მქონე პირებისთვის სესხის მომსახურების მაქსიმალური ზღვარი 25%-ით, ხოლო 1 500 ლარზე მეტი შემოსავლის შემთხვევაში  50%-ით განისაზღვრა. 2022 წელს შემოსავლის ზრდასთან ერთად შესაბამისი ზღვარი 1 500-დან 2 000 ლარამდე გაიზარდა.

„საშუალო ხელფასი უახლოვდება დაახლოებით 2 500 ლარს და ვფიქრობთ დროა, არსებული ზღვარი 2 000 ლარიდან 2 500 ლარამდე ავწიოთ. ჩვენი მიზანია, დაბალშემოსავლიან მოსახლეობას არ დააწვეს იმაზე მეტი ვალის ტვირთი, რომლის მომსახურებაც მათთვის ფინანსური სტრესის გარეშე რთული იქნება“, – აცხადებს დავით უტიაშვილი, საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსი.

ეროვნული ბანკის შეფასებით, ეტაპობრივი ცვლილება ხელს შეუწყობს როგორც დაკრედიტების პროცესზე გავლენის შემცირებას, ისე მსესხებლებისთვის ვალის ტვირთის ოპტიმალურ დონეზე შენარჩუნებას.

ცნობისთვის, 2027 წლის პირველი თებერვლიდან მოქალაქეებისთვის სესხის გაცემის პირობები მკაცრდება.

ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

მსგავსი