დავით უსუფაშვილმა შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერა
დავით უსუფაშვილმა შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერა

„ლელო საქართველოსთვის“ საარჩევნო სიის მესამე ნომერმა, დავით უსუფაშვილმა შარლ მიშელის ეგიდით შედგენილ დოკუმენტს ხელი მოაწერა.

დავით უსუფაშვილი ცოტა ხნის წინ მივიდა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში.

„დოკუმენტზე ხელი მოაწერეს „ლელოს“ ლიდერებმა პარტიის სახელით და ბუნებრივია, აქ ვიგულისხმებოდი მეც. თუმცა, ვინაიდან ასე წავიდა პროცესი, რომ ინდივიდუალური ხელმოწერები გახდა გასაკეთებელი, მეც მოვედი და მოვაწერე. ახლა ყველაზე საპასუხისმგებლო ეტაპია, რადგან შეთანხმებას თავიდანვე ჰყავდა ცოტა მომხრე და ბევრი წინააღმდეგი, პირველ რიგში, მმართველი პარტიის მხრიდან. ამიტომ ამ შეთანხმების აღსრულებისთვის არის ძალიან ბევრი კონკრეტული თემა და პრობლემა მოსაგვარებელი. ამაში საჭიროა ერთიანობა იმ ოპოზიციური ძალების, საზოგადოებრივი ძალების, ვინც ხვდება, რომ ქვეყანა არის უფსკრულის პირას და ქვეყანა უნდა შემოვატრიალოთ სწორი მიმართულებით. ამას სჭირდებოდა ეს შეთანხმება. კარგია, რომ მოიძებნა ეს ფორმულირებები, რომლებიც დასახვეწია, ბევრი ინტერპრეტაცია იქნება, ბევრი პრობლემა და ამაში დაგვჭირდება ევროპელი მეგობრების მხარდაჭერაც“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

უსუფაშვილის გარდა, დღეს შარლ მიშელის დოკუმენტს კიდევ ოთხმა პოლიტიკოსმა მოაწერა ხელი.