დავით უსუფაშვილმა და ზურაბ ჯაფარიძემ შშმ ქალთა საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებულ მსჯელობაში მიიღეს მონაწილეობა
დავით უსუფაშვილმა და ზურაბ ჯაფარიძემ შშმ ქალთა საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებულ მსჯელობაში მიიღეს მონაწილეობა

როგორ არის ასახული გენდერულ საკითხებზე შემუშავებულ პროგრამებში შშმ ქალთა ჩართულობა და რამდენად არის გათვალისწინებული აღნიშნული სოციალური ჯგუფის ინტერესები პრეზიდენტობის კანდიდატების საარჩევნო პროგრამებში – ამ საკითხებზე იმსჯელეს შეხვედრაზე, რომელიც შშმ ქალთა საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებით გაიმართა.

შეხვედრას პრეზიდენტობის ორი კანდიდატი – დავით უსუფაშვილი და ზურაბ ჯაფარიძე დაესწრნენ.

გენდერი და შეზღუდული შესაძლებლობები, შშმ ქალთა გაძლიერება და მათი ჩართვა სამოქალაქო და პოლიტიკურ საქმიანობაში, რეპროდუქციული და სექსუალური ჯანმრთელობა და შშმ ქალები – ეს არის ის სამი საკითხი, რაზეც საინიციატივო ჯგუფის წევრებმა პრეზიდენტობის კანდიდატებთან შეხვედრისას გაამახვილეს ყურადღება.

პრეზიდენტობის კანდიდატ დავით უსუფაშვილის განცხადებით, შეხვედრაზე კარგად გამოჩნდა, რამდენ პრობლემას აწყდებიან შშმ პირები და განსაკუთრებით ქალები, რადგან მისი თქმით, ხშირად საზოგადოებას არ ესმის იმ ადამიანების პრობლემები, რომლებიც საზოგადოებაში სწორედ ამ პრობლემების გამო არ ჩანან. მისივე თქმით, ხშირად ეს იწვევს, რომ პრობლემის არსებობაც გვავიწყდება.

„დღეს აქ უფრო მეტად პრობლემების მოსასმენად ვარ მოსული, ვიდრე სალაპარაკოდ, რადგან ეს ის თემებია,  რომელიც მიჩქმალულია. ამასობაში, საქართველოს პრეზიდენტს, სწორედ იმ უფლებებიდან გამომდინარე, რასაც კონსტიტუცია ანიჭებს, ამ პრობლემების სათანადოდ წამოწევა და აქტუალიზაცია შეუძლია. მე თვეში ერთხელ თუ არა, ორ თვეში ერთხელ მაინც შევეცდები, პრეზიდენტის ავტორიტეტი, სტატუსი, გამოვიყენო ამ კონკრეტული საკითხის წამოსაწევად. შემდეგი ძალიან სერიოზული თემაა ვეტოს უფლება, სწორი და აუცილებელი იქნება, ყოველი კანონპროექტი განხილული იყოს ამ ჭრილში და ჩაუტარდეს მას ექსპერტიზა, რამდენად აუმჯობესებს ესა თუ ის კანონპროექტი წვდომადობას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ საკითხებში თუ შრომის საკითხებში ჩართვას“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

„გირჩის“ პრეზიდენტობის კანდიდატის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, ქვეყანაში შშმ პირებს ძალიან ბევრი პრობლემა აქვთ.

„ჩემი აზრით, ორი პრინციპული საკითხია, რაც სახელმწიფომ უნდა მოაგვაროს, ერთი ეს არის ადაპტირებული ინფრასტრუქტურა და „გირჩი“ იყო ერთადერთი ძალა, რომელსაც გაწერილი ჰქონდა, რომ ნებისმიერი ინფრასტრუქტურული ხარჯები უნდა ითვალისწინებდეს ისეთ ინფრასტრუქტურას, რომელიც არის ადაპტირებული. უნდა მოხდეს ყველა სახელმწიფო უწყების ადაპტირება ისევე, როგორც ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობა უნდა იყოს გაზრდილი და ეს უნდა მოხდეს სოციალური დახმარების სისტემით. ეს ფული უნდა მიემართებოდეს სწორედ ასეთი ადამიანების ოჯახებისკენ. პრეზიდენტის უფლებამოსილება ეს არცერთი არ არის, თუმცა აქ საუბარია იმაზე, რომ პრეზიდენტის ტრიბუნის გამოყენება მოხდეს ამ საკითხების წამოსაწევად. მე რაც შემიძლია ამ ადამიანებს დავპირდე, ეს არის, რომ ვიბრძოლებ, ვიყვირებ, ვიხმაურებ და შეიძლება, რაღაცებს მივაღწიოთ“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.