დავით უსუფაშვილი - აშშ და ევროკავშირი აფხაზებთან და ოსებთან ურთიერთობის გააქტიურებისკენ ყოველთვის მოგვიწოდებდნენ
დავით უსუფაშვილი - აშშ და ევროკავშირი აფხაზებთან და ოსებთან ურთიერთობის გააქტიურებისკენ ყოველთვის მოგვიწოდებდნენ

ძალიან ვწუხვარ, რომ არჩილ ტატუნაშვილის ტრაგედიამ, პრემიერის მიმართვამ, რუსეთის პასუხმა და ამასთან დაკავშირებით საზოგადოებაში გაჩენილმა აჟიოტაჟმა მთავრობის სწორ განზრახულობას ხელი შეუშალა, რომელიც ჩემი ინფორმაციით, მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს შეეხებოდა, რაც იმისთვის იყო გამიზნული, რომ დე ფაქტო გამყოფ ხაზებს იქით და აქეთ მცხოვრებ ადამიანებს ერთმანეთთან ურთიერთობა, მათ შორის სამეწარმეო და სხვა ტიპის საქმიანობა უფრო თავისუფლად შეძლებოდათ, – განაცხადა პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, „შენების მოძრაობის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა პირველი არხის გადაცემა „კვირის ინტერვიუში“ სტუმრობისას.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თემა და როცა საუბარია, სწორი რა არის, ნაბიჯები წინ რით უნდა გადავდგათ, ჯერ სწორედ ეს გზაა გასავლელი. მოსახლეობასთან ურთიერთობა სრულიად აუცილებელია“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

მისი თქმით, აშშ და ევროკავშირი აფხაზებთან და ოსებთან ურთიერთობის გააქტიურებისკენ ყოველთვის მოგვიწოდებდნენ და ის საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც მისი ინფორმაციით მთავრობას აქვს, სწორედ ამ მიმართულებით არის.

„აქვე უნდა ვთქვა, რომ მე ვარ პოლიტიკაში და ვარ თავისუფალი ადამიანი, მაგრამ ამ სახელმწიფოს მოქალაქე ვარ, სახელმწიფოს ინტერესებს ყოველთვის ვუფრთხილდებოდი და ყოველთვის გავუფრთხილდები“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

გადაცემის წამყვანის ირაკლი აბსანძის შეკითხვაზე, ნიშნავს თუ არა მისი განცხადება იმას, რომ არსებობს საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც სახელმწიფო საიდუმლოებას შეიცავს, დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობის გეგმებზე არ ისაუბრებს, რათა საქმე არ გააფუჭოს.

„არ ვიცი, ამ პაკეტის სამსჯავროზე გამოტანას მთავრობა როდის გეგმავს, რას აპირებს და მათ შორის აფხაზებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობაში რა ნაბიჯებს დგამს, ეს ჩემი სალაპარაკო არ არის, რადგან არ მინდა, ეს საქმე გავაფუჭო“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.