დავით უსუფაშვილი - ყველა გონიერი ადამიანისთვის ცხადია, რომ საქართველომ ომი არ უნდა დაიწყოს, ომში არ უნდა ჩაებას, მაგრამ თუ თავს დაესხმებიან, თავი უნდა დაიცვას
ელემენტარული ჭეშმარიტებაა და ყველა გონიერი ადამიანისთვის არის ცხადი, რომ საქართველომ ომი არ უნდა დაიწყოს, ომში არ უნდა ჩაებას, მაგრამ თუ საქართველოს თავს დაესხმებიან, ქვეყანამ თავი უნდა დაიცვას, – ამის შესახებ დავით უსუფაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, როგორც მოქალაქეებს და მთავრობას ერთნაირად ევალება სამშობლოს უსაფრთხოება.
„შესაბამისად, მოქალაქესაც და მთავრობასაც ერთნაირად გვევალება სამშობლოს უსაფრთხოება, ომის დავიდან აცილება და ომის შემთხვევაში მისი დაცვა. ამიტომ, გვყავს შეიარაღებული ძალები, გვაქვს ინფრასტრუქტურა და იმიტომ ვარსებობთ, რომ კონსტიტუციური ვალია სამშობლოს დაცვა. საუბარი იმაზე, რომ რუსეთი ძლიერია, ჩინეთი დიდია, ვიღაცას უფრო დიდი ტანკები ჰყავს, ასეთ ვითარებაში ნორმალური კლიმატი არის გადამწყვეტი. ასეთ ვითარებაში მობილიზებული უნდა ვიყოთ ყველა, ისე როგორც ეკადრება თავმოყვარე ერს. თავდასხმის შემთხვევაში მზად უნდა ვიყოთ, ქვეყნის დასაცავად და იმაზე არ უნდა ვილაპარაკოთ, რომ მტერი ძლიერია და რა ვქნათ, რა გვეშველება“, – განაცხადა უსუფაშვილმა.
უსუფაშვილმა ასევე კომენტარი გააკეთა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ხატია დეკანოიძის განცხადებაზე, რომელშიც მან თქვა: „სიმართლე გითხრათ, ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ საქართველოს ხელისუფლებაში იქნებოდნენ ადამიანები, რომლებიც ამ რთულ დროს, როდესაც უკრაინაში ადამიანები იღუპებიან და მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა პუტინისა და რუსეთის ეკონომიკის წინააღმდეგ ასეთ მკაცრ სანქციებს აწესებს, ქართველები, ანუ საქართველოს ხელისუფლება ეძებენ რაღაც შავ ხვრელებს, რომ დაეხმარონ პუტინს, შექმნას იარაღი, რათა შემდეგ მოკლას“.
უსუფაშვილის თქმით, ომის დროს და იარაღთან დაკავშირებულ საკითხებზე ძალიან მყარი არგუმენტების გარეშე ვარაუდების გამოთქმა არასწორი და კონტრპროდიქტიულია.
„მსგავსი რამ არც მესმენია და არც ვიცი, ვარაუდის დონეზე, რომ საქართველოდან რუსეთში იარაღი შედის, ან შეიძლება შევიდეს. იმედია, ამ თემით სათანადო უწყება დაინტერესდება. ომის დროს და იარაღთან დაკავშირებულ საკითხებზე ძალიან მყარი არგუმენტების გარეშე ვარაუდების გამოთქმა არასწორია და კონტრპროდიქტიულია. როცა ადამიანები იღუპებიან, ამ დროს იარაღის მიწოდებაზე საუბრისას ძალიან მყარი საფუძველია საჭირო, რომ რამე ვთქვათ, ასეა თუ ისე“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.