დავით უსუფაშვილი უკრაინის დაზვერვაზე - ორი მეგობარი ქვეყნის შესაბამისმა უწყებებმა უნდა ითანამშრომლონ და ინფორმაცია შეისწავლონ, ამ საკითხებს სჭირდება არა პოლიტიკური ხმალაობა, არამედ თანამშრომლობა
დავით უსუფაშვილი უკრაინის დაზვერვაზე - ორი მეგობარი ქვეყნის შესაბამისმა უწყებებმა უნდა ითანამშრომლონ და ინფორმაცია შეისწავლონ, ამ საკითხებს სჭირდება არა პოლიტიკური ხმალაობა, არამედ თანამშრომლობა

ასეთი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში, ორი მეგობარი ქვეყნის შესაბამისმა უწყებებმა ერთად უნდა ითანამშრომლონ და ინფორმაცია შეისწავლონ, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ წევრმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

უსუფაშვილი გამოეხმაურა უკრაინული მედიის მიერ ქვეყნის დაზვერვაზე დაყრდნობით გავრცელებულ ინფორმაციას, რომ „რუსეთი საქართველოსთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან მოლაპარაკებებს აწარმოებს რუსული პროდუქციის მესამე ქვეყნებში რეექსპორტისთვის“.

უსუფაშვილის თქმით, ასეთ საკითხებს სჭირდება არა პოლიტიკური სკანდალები და პოლიტიკური ხმალაობა, არამედ შესაბამის უწყებებს შორის თანამშრომლობა, თანამშრომლობას კი სჭირდება სათანადო ატმოსფერო.

„ასეთი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში, ორი მეგობარი ქვეყნის შესაბამისმა უწყებებმა ერთად უნდა ითანამშრომლონ და ინფორმაცია შეისწავლონ, არა ინფორმაციის სათაური, არამედ რას ემყარება და ამის შემდეგ ინფორმაცია მიგვაწოდონ. კრიმინალს უნდა ვებრძოლოთ – კონტრაბანდა რუსეთისკენ წავა თუ ირანისკენ, ორივე დარღვევაა და რუსეთთან დაკავშირებული საკითხები განსაკუთრებით მგრძნობიარეა. ამიტომ, ამ საკითხებს სჭირდება არა პოლიტიკური სკანდალები და პოლიტიკური ხმალაობა, არამედ შესაბამის უწყებებს შორის თანამშრომლობა. თანამშრომლობას სჭირდება სათანადო ატმოსფერო, არსებობს ტელეფონი, იმეილი, თვითმფრინავი, სადაც შესაბამისი უწყებების წარმომადგებლები ჩადიან იქით და აქეთ, ასეთ საკითხებს აგვარებენ, ეს არის სახელმწიფოებრივი მიდგომა.

ეს არ არის ჩვეულებრივი კამათი, უკრაინა ომში მყოფი ქვეყანაა, რომელსაც ყველა მხრიდან რუსეთი უტევს და ყველა მხრიდან ცდილობს, გააძლიეროს ზეწოლა უკრაინაზე. მთელი მსოფლიო ცდილობს, ყველა მხრიდან ჩაუკეტოს რუსეთს გარკვეული წვდომა პროდუქციაზე. ასეთ დროს რა ხდება? – ბუნებრივია, რუსეთი ცდილობს, იპოვოს ალტერნატიული გზები, საიდან? ავსტრალიის გავლით? – არა, მოსაზღვრე სახელმწიფოების გავლით. ამიტომ, ამაში არ უნდა დავინახოთ რაღაც ტრაგედია. ვთქვათ, აზერბაიჯანის გავლით რაღაც ხდება. ეს არ ნიშნავს, რომ პრეზიდენტი ალიევი ზის და რაღაცას ცუდს აკეთებს, კრიმინალი ყველგან არსებობს. ისედაც სუპერგაზრდილია საფრთხეები და ორი ქვეყნის მთავრობას შორის არ არის ნორმალური ურთიერთობები, რაშიც, პირველ რიგში, ჩვენი ქვეყანის ხელისუფლებას ვადანაშაულებ. პირველივე დღიდან იყო არამკაფიო განცხადებები და ორაზროვანი დამოკიდებულება. ორი კვირის წინ იყო პარლამენტის თავმჯდომარის პირველი ოფიციალური ვიზიტი. ისიც გახსოვთ, რის ფონზე – ოპოზიციამ რომ ვთქვით, მივდივართო და ჩანთები ჩავაწყვეთ, მაშინ თქვეს, წავიდეთო“, – აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

უსუფაშვილის განმარტებით, სამწუხაროდ, ასეთი განცხადებები იქნება და არ უნდა გაგვიკვირდეს, ხოლო მასზე რეაგირების სწორი ფორმაა სათანადო უწყებების მიერ ფაქტების გამოძიება.

„რუსეთი შეეცდება, დაარღვიოს საერთაშორისო სანქციები და ამას შეეცდება ყველგან, სადაც გაუვა – ზოგან ხელისუფლების მხარდაჭერით, ზოგან – კრიმინალების მხარდაჭერით. ამიტო, ამას ნორმალურად უნდა შევხედოთ და სიმართლე გამოვარკვიოთ“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.