დავით უსუფაშვილი - თუ ბიძინა ივანიშვილი სწორი გეგმის შესრულებას სრული ძალით მიუბრუნდება, ჩემი მხრიდანაც ექნება თანამშრომლობის განწყობა
დავით უსუფაშვილი - თუ ბიძინა ივანიშვილი სწორი გეგმის შესრულებას სრული ძალით მიუბრუნდება, ჩემი მხრიდანაც ექნება თანამშრომლობის განწყობა

„შენების მოძრაობის“ ლიდერის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა მკაფიოდ და გასაგებად თქვა, რომ იგი დაბრუნდა, რათა ქართველი ხალხი დაიცვას მისივე დაფუძნებული პარტიის არასწორი მმართველობისგან.

„მისი მხრიდან ეს იმდენად მკაფიოდ ნათქვამი იყო, რომ უხერხულიც კი არის რამე დავამატო, ან წარსულის შეცდომებზე მივუთითო. ახლა უფრო მნიშვნელოვანია, როგორ წარმოუდგენია მას ამ შეცდომების გასწორება. მან იცის, რა არის გასაკეთებელი, იმიტომ რომ თავად იყო 2012 წლის “ქართული ოცნების” სადამფუძნებლო დეკლარაციის უშუალო თანაავტორი და არა მხოლოდ ხელმომწერი. ამ დოკუმენტში არსებული პუნქტები და გეგმები არის შესასრულებელი. ისინი არ შესრულდა და ამიტომ მივიდა ქვეყანა იმ მდგომარეობამდე, რომ მას მოუწია დაბრუნება პოლიტიკაში. თუ ამ სწორი გეგმის შესრულებას ახლა მაინც სრული ძალითა და ენერგიით მიუბრუნდება, ეს იქნება სწორი საქმე და მასში ჩემი მხრიდანაც ექნება თანადგომაც და თანამშრომლობის განწყობაც. თუ გაგრძელდება პრობლების მოგვარების მცდელობა, რაღაც პერსონალიების გადაადგილებითა და რაღაც ტაქტიკური მანევრებით, მაშინ არაფერი გამოვა, ეს სწორი გეგმა დარჩება შეუსრულებელი, ხოლო ივანიშვილს მოუწევს, კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობის აღება ყველაფერზე“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

უსუფაშვილის თქმით, 2016 წლის გაზაფხულიდან გამოიკვეთა, რომ პარტია “ქართული ოცნება” არასწორ გზას დაადგა.

„ივანიშვილმა ეს ყველფერი ორი წლით გვიან, მაგრამ სწორად დაინახა. თუ ივანიშვილი იქნება ერთგული იმ პრინციპის, რომ ქვეყანაში უნდა დასრულდეს განხეთქილება და უნდა დამკვიდრდეს სამოქალაქო ერთიანობა, ამისთვის საჭიროა ნაბიჯების გადადგმა და ამ ქვეყანაში ყველა დანარჩენის, გარდა „ოცნებისა“ და მისი მხარდამჭერებისა, მტრად არ გამოცხადება. ამ დეკლარაციაში წერია, რომ უნდა დამკვიდრდეს მრავალპარტიული პოლიტიკური სისტემა. ეს ვერ დამკვიდრდება, თუ მხოლოდ ერთ პარტიას ექნება მუდმივად ადმინისტრაციული, ფინანსური, მედიარესურსი არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობის მოსაპოვებლად. დოკუმენტში წერია, რომ აღარ დავუშვებთ ხელისუფლებაში მყოფი პარტიის შერწყმას სახელწიფო ინსტიტუტებთან, ეს ნიშნავს იმას, რომ პარტია, პარტიული თანამდებობის პირები, სახელმწიფო საქმესა და პარტიულ საქმეს ერთმანეთისგან უნდა ასხვავებდნენ და არ უნდა ხდებოდეს ისე, რომ დამლაგებელი და მძღოლიც კი აუცილებლად პარტიის მხარდამჭერი თუ არ არის, საჯარო სამსახურში ისე არავის მიიღებენ“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარედ დღეს ბიძინა ივანიშვილი აირჩიეს და პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობა დაამტკიცეს.