დავით უსუფაშვილი - ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად რაიმე ფორმით ძალის გამოყენება, თუ ძალის გამოყენების მუქარა დღეს საქართველოს ინტერესებში არ არის
დავით უსუფაშვილი - ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად რაიმე ფორმით ძალის გამოყენება, თუ ძალის გამოყენების მუქარა დღეს საქართველოს ინტერესებში არ არის

საქართველოს მხრიდან ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად რაიმე ფორმით ძალის გამოყენებისკენ ნაბიჯების გადადგმა თუ ძალის გამოყენების მუქარა, დღეს საქართველოს ინტერესებში არ არის, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

დავით უსუფაშვილი უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ალექსეი დანილოვის განცხადებას გამოეხმაურა.

როგორც უსუფაშვილი ამბობს, უკრაინის დღევანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით, დანილოვის განცხადება უკრაინელი მაღალჩინოსნისა და უკრაინაზე მოფიქრალი ადამიანის მხრიდან გაკეთებული განცხადებაა.

„ჩვენ საქართველოს სახელმწიფო ინტერესებზე უნდა ვიფიქროთ, რათა მსოფლიო ტენდენციას არ ავცდეთ. დღეს საქართველოს მხრიდან ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად რაიმე ფორმით ძალის გამოყენებისკენ ნაბიჯების გადადგმა თუ ძალის გამოყენების მუქარა, საქართველოს ინტერესებში არ არის. ეს კარგს არ მოუტანს არც საქართველოს და არც უკრაინას. ამიტომ, ასეთ შემთხვევებში, ჩვენ მშვიდად უნდა ვიყოთ. მესმის ადამიანის, რომელიც ყველა საშუალებით ცდილობს, მტერი შეაკავოს, რომელიც მის ქვეყანას ყოველდღე ბომბავს, მაგრამ ამასობაში, ის ხალხი ჩვენს პოზიციას გაგებით მოეკიდება, თუ ჩვენ სხვა შემთხვევებში და სხვა პლატფორმებზე ნათლად გვექნება მყარი პოზიცია, თუ ვინ არის აგრესორი და ვინ არის მსხვერპლი. ჩვენს შიდა საქმეებში გარე სამყაროდან მომავალ რჩევებს უნდა მოვუსმინოთ, მაგრამ ჩვენი ინტერესებით ვიმოქმედოთ“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ალექსეი დანილოვის განცხადებით, „დნესტრისპირეთი და საქართველო საკუთარი ტერიტორიების დაბრუნებით რომ იყვნენ დაკავებული, ეს უკრაინას ძალიან დაეხმარებოდა“.