დავით უსუფაშვილი - სწორია, რომ პარლამენტში ტრიბუნიდან მიმართვა იყოს მხოლოდ პარლამენტის წევრის პრეროგატივა
დავით უსუფაშვილი - სწორია, რომ პარლამენტში ტრიბუნიდან მიმართვა იყოს მხოლოდ პარლამენტის წევრის პრეროგატივა

თუ პარლამენტში ზუსტად იქნება დადგენილი და გამოყოფილი ადგილები, ტრიბუნები, საიდან მოსაუბრე ადამიანიც ისევე ავტომატურად აღიქმება პარლამენტის წევრად, როგორც პლენარულ სხდომათა დარბაზის ტრიბუნიდან გამოსული, მე მგონი, ეს იქნება სწორი. ამიტომ თუ რეგულაცია ასე იქნება მკაფიოდ და კონკრეტულად ფორმულირებულიც, ამაში პრობლემას ვერ ვხედავ, – განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

პარლამენტის სხდომაზე იმ რეგულაციაზე მსჯელობდნენ, რომელიც ბრიფინგების ჩატარების წესს და პარლამენტის შენობაში არაუფლებამოსილი პირების მიერ საპარლამენტო ატრიბუტიკის გამოყენებას ეხება.

როგორც დავით უსუფაშვილმა განაცხადა, პარლამენტში არის ისეთი ადგილები, რომლებიც პარლამენტის წევრებისთვის არის განკუთვნილი.

მისივე თქმით, მსოფლიოს უმეტეს პარლამენტებში საბრიფინგო ადგილებიც არის სპეციალურად აღჭურვილი და გამოყოფილი პარლამენტის წევრების სარგებლობისთვის, თუ ასე იქნება საქართველოს პარლამენტშიც, ეს იქნება სწორი.

„თუ ჩვენ ვსაუბრობთ პარლამენტის ფოიეში მდგარ ტრიბუნაზე, იქიდან პარლამენტის წევრი მიმართავს ჟურნალისტებს თუ საზოგადოებას. ეს არ ნიშნავს იმას, რომ პარლამენტის წევრის გვერდით არ შეიძლება იდგეს მისი თანაშემწე, ფრაქციის წარმომადგენელი, ექსპერტი, რომელიც იქვე სჭირდება მას, შესაძლოა კითხვაზე პასუხისთვის. მაგრამ მიმართვას რაც შეეხება იმ ტრიბუნიდან, ეს მე მგონია, სწორია, რომ იყოს პარლამენტის წევრის პრეროგატივა და ყველა სხვა დანარჩენ ჩვენს თანამშრომელს და მხარდაჭერს მივცეთ საშუალება და სხვაგანაც შევქნათ ასეთი სივრცეები, ადგილები, როგორც აქ არის, რომ იქიდან ჰქონდეთ კომუნიკაცია, თუ საჭირო იქნება“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.