დავით უსუფაშვილი - შეთანხმებაში სიტყვა პოლიტპატიმარი არ ჩავწერეთ, რადგან მთავრობა, რომელიც თვითონ ამბობს და ხელს აწერს, რომ პოლიტპატიმარი მყავსო, პოლიტპატიმრის გათავისუფლებისთანავე მიდის სახლში, ტერმინებზე ჩვენ არ ვდავობთ
დავით უსუფაშვილი - შეთანხმებაში სიტყვა პოლიტპატიმარი არ ჩავწერეთ, რადგან მთავრობა, რომელიც თვითონ ამბობს და ხელს აწერს, რომ პოლიტპატიმარი მყავსო, პოლიტპატიმრის გათავისუფლებისთანავე მიდის სახლში, ტერმინებზე ჩვენ არ ვდავობთ

„ლელო საქართველოსთვის“ წარმომადგენელი დავით უსუფაშვილი 8 მარტის შეთანხმებასთან დაკავშირებით მმართველი პარტიის ელჩებისადმი მიმართვას, უტიფრობად აფასებს.

მისივე აზრით, „ქართულმა ოცნებამ“ საკადრისი პასუხიც მიიღო და არა მხოლოდ დიპლომატებისგან.

კერძოდ, უსუფაშვილის განმარტებით, აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ პირდაპირ თქვა, რომ შეთანხმება უნდა შესრულდეს, პოლიტიკური პატიმრები გათავისუფლდნენ და საარჩევნო სისტემა შეიცვალოს.

დავით უსუფაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გადალახა ყველა შესაძლო ზღვარი ოპონენტებთან, საკუთარ ხალხთან და ახლა უკვე საერთაშორისო საზოგადოებასთან ურთიერთობაში.

„ხელისუფლება იმდენს იზამს, რომ საკუთარ თავს კიდევ უფრო დიდ ზიანს მიაყენებს. ის უტიფარი მიმართვა, რომ, ელჩებო, აბა, ერთი დაგვიდასტურეთ რა ხდებოდა იქ და დიპლომატები მოწმეებად მოჰყავთ, ეს იმდენად ამოვარდნილია საერთაშორისო ცივილიზებული ურთიერთობის კონტექსტიდან, რომ საკადრისი პასუხი მიიღეს არა მხოლოდ ელჩების მხრიდან, რომლებიც უფრო შეზღუდულნი არიან თავის საჯარო გამოსვლებში, არამედ აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მხრიდან, რომელმაც პირდაპირ თქვა, რომ შეთანხმება უნდა შესრულდეს, პოლიტიკური პატიმრები უნდა გათავისუფლდნენ და საარჩევნო სისტემა უნდა შეიცვალოს.

ხელისუფლებამ თავისი უგუნურიბით იმას მიაღწია, რომ ტერმინი – პოლიტიკური პატიმრები გაჩნდა უკვე ასეთი მაღალი თანამდებობის პირის მიერ გამოგზავნილ წერილში. საქართველოში პოლიტიკური პატიმრების ფაქტი ამ თვალსაზრისით მსოფლიოში ყველაზე მაღალი ტრიბუნიდან დადასტურდა. სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარის მიერ იყო ეს ნათქვამი. რატომ? იმიტომ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გადალახა ყველა შესაძლო ზღვარი შიგნით, ოპონენტებთან, საკუთარ ხალხთან ურთიერთობაში და ახლა უკვე საერთაშორისო საზოგადოებასთან ურთიერთობაში.

20 ადამიანს შორის ნათქვამი და შეთანხმებული ისე წაიღო უკან და ისე ცდილობს წარმოაჩინოს, რომ ეს სულაც არ ყოფილა. ეს უკვე უპატიებელ ქმედებად ითვლება. ამიტომაც ჩვენი მეგობარი სახელმწიფოს უმაღლესი წარმომადგენლები, რომლებიც დღემდე საქართველოსთან მეგობრიბის გამო კიდევ თავს იკავებდნენ და მწარე სიმართლეს პირდაპირ არ გვაჯახებდნებ, ახლა სენატორი პირდაპირ გვეუბნება, მარტში თქვენ პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებაზე შეთანხმდით და ველით, რომ ამას შეასრულებთო“, – აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

რაც შეეხება უმრავლესობის წევრების განცხადებებს, რომ 8 მარტის შეთანხმებაში სიტყვა – პოლიტპატიმარი არ წერია, უსუფაშვილი ამბობს, რომ შეთანხმებაში პოლიტპატიმარი არ ჩაწერეს.

„იმიტომ, რომ მთავრობა, რომელიც თვითონ ამბობს და ხელს აწერს, რომ პოლიტპატიმარი მყავსო, მაშინ პოლიტპატიმარს რომ ათავისუფლებს, ეგრევე სახლში მიდის. ეს ყველასთვის ცნობილია და ცივილიზებული სამყაროსთვის გასაგები თემაა. პოლიტპატიმარი დაარქვი ვინმესო, ამას კი არ ვეუბნებით, პოლიტიკური მოტივებით დაპატიმრებული რომ გყავს ხალხი, იმათი საქმეები გადაწყვიტეო, საუბარი ამაზეა.

ტერმინებზე ჩვენ არ ვდავობთ. ვინ ეუბნება, რომ დაარქვი სახელებიო. აქ გაცილებით დიდ პრობლემასთან გვაქვს საქმე და ეს უნდა დავინახოთ. ხელისუფლება იმ ვითარებაში, როდესაც უნდა ეძებდეს ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ მოკავშირეებს უმძიმესი კრიზისიდან გამოსვლის პროცესში, ასე ეპყრობა ქვეყნის შიგნით პოლიტიკურ ძალებს და მოსახლეობას, ქვეყნის გარეთ კი ჩვენს უმთავრეს სტრატეგიულ პარტნიორებს ამერიკას, ევროკავშირს, გერმანიას და ყველა იმ ხალხს, ვინც ამ პროცესში მონაწილეობდა ასე უტიფრად ელაპარაკება და ნათქვამი სიტყვიდან გადადის. ამ საქმეში ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

ამასთან, უსუფაშვილი აღნიშნავს, რომ ოპოზიციის საერთო პოზიცია იყო და არის საარჩევნო სისტემის მიღწევა.

„ეს არის საერთო ამოცანა და საერთო პოზიციებით მივდივართ. უშუალოდ არჩევნებში „ლელო“ თავისი პროგრამის და კანდიდატების იმედზე იქნება და სერიოზულ წარმატებას მივაღწევთ. ხელისუფლებას ხელი აქვს მოწერილი, რომ შეთანხმება უნდა შეასრულოს, ამაზე დიდი მიღწევა ოპოზიციური ძალისხმევის რა შეიძლება იყო. ამ ხელისუფლების შემხედვარე ოპოზიციამ უნდა უყუროს, როგორ მიაქანებს თავის თავს უფსკრულისკენ. სტრატეგიაც ეგაა და ტაქტიკაც. მთელი მსოფლიო ხედავს, რა ხდება. ამაზე უფრო ეფექტური მოქმედება საერთო ოპოზიციური ძალისხმევის შედეგად შეუძლებელია. სრულიად ოპოზიცია ამბობს, რომ ჩვენ ვართ შთანხმების ერთგული და ამ შეთანხმებას მოვითხოვთ ყველა მხარისგან. ჩვენ მზად ვართ, ეს შეთანხმება შევასრულოთ“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

დატოვე კომენტარი