დავით უსუფაშვილი - პრეზიდენტისა და პრემიერს ამხელა საქმე აბარიათ და როგორ ვერ ახერხებენ, მარტივი საკითხი ისე მოაგვარონ, რომ არ აქციონ სპეკულაციების საგნად
დავით უსუფაშვილი - პრეზიდენტისა და პრემიერს ამხელა საქმე აბარიათ და როგორ ვერ ახერხებენ, მარტივი საკითხი ისე მოაგვარონ, რომ არ აქციონ სპეკულაციების საგნად

შექმნილ ვითარებაში გვჭირდება ერთმანეთთან მოთანამშრომლე პრემიერი, უმრავლესობა, ოპოზიცია და არა ერთმანეთთან დაპირისპირებული და ცოტა არ იყოს, უხერხულ და სამარცხვინო საჯარო გარჩევებში გადასული თანამდებობის პირები, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, დავით უსუფაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, პრემიერმა და პრეზიდენტმა საკითხები ისე უნდა მოაგვარონ, რომ განსჯის საგანი არ გახდეს.

„პრეზიდენტი სახელმწიფოს მეთაურია, პრემიერი – მთავრობის მეთაური. ამხელა საქმე აბარიათ და როგორ ვერ ახერხებენ, მარტივი საკითხი ისე მოაგვარონ, რომ არ გახადონ განსჯისა და სპეკულაციების საგანი და არ ჩაებან ურთიერთგარჩევებსა და ბრალდებებში. მატყუარა არც პრემიერი მინდა, რომ ჰყავდეს ამ ქვეყანას და არც  – პრეზიდენტი. ერთი ერთს ამბობს, მეორე – მეორეს. რა არის და რას ჰგავს ეს ყველაფერი? ორი ზრდასრული და სერიოზული ადამიანი, რომელთაც ქვეყანა აბარიათ, არ შეიძლება, შეჯერდნენ იმაზე, თუ რას ამბობენ ელჩებთან დაკავშირებით? თუ ამ საქმეს ვერ უძღვებიან, მაშინ უფრო მარტივი საქმე მოძებნონ ცხოვრებაში, სადაც ასეთი სირთულეები არ იქნება“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

29 მარტს მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ რეალურ სურათს არ ასახავს ინფორმაცია, თითქოს ბოლო ერთ წელიწადში პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ყველა წარდგენილი კანდიდატის დანიშვნას დიპლომატიურ მისიებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში.

თავის მხრივ, საპასუხო განცხადება გაავრცელა პრეზიდენტის ადმინისტრაციამაც, სადაც აღნიშნულია, რომ „ტყუილში ჩვენი დადანაშაულება იწვევს არასასურველ დაძაბულობას, მთავრობამ პრეზიდენტს წარუდგინა 12 დიპლომატის კანდიდატურა, ყველას დანიშვნაზე პრეზიდენტმა გამოსცა განკარგულება“.