დავით უსუფაშვილი - შექმნილ კრიზისში სამართლებრივი გამოსავალი არ არსებობს, არსებობს პოლიტიკური, რომელიც გადის კოალიციური მმართველობის პირობებში ვადამდელი არჩევნების ჩატარებაზე
დავით უსუფაშვილი - შექმნილ კრიზისში სამართლებრივი გამოსავალი არ არსებობს, არსებობს პოლიტიკური, რომელიც გადის კოალიციური მმართველობის პირობებში ვადამდელი არჩევნების ჩატარებაზე

შექმნილ კრიზისში სამართლებრივი გამოსავალი არ არსებობს, მათ შორის ყოფილი პრეზიდენტის პატიმრობასთან დაკავშირებით, მხოლოდ პოლიტიკური გამოსავალია და პოლიტიკური გამოსავალი გადის შეთანხმებაზე კოალიციური მმართველობის პირობებში ვადამდელი არჩევნების ჩატარებაზე​​, – ამის შესახებ პარლამენტის დეპუტატმა, დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

როგორც დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, „ქართული ოცნება“ 2016 წლიდან მოყოლებული, დაკავებულია ყოფილი ხელისუფლების მმართველობაში მობრუნების ამოცანით.

„პოლიტიკა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ატარებს ოპონენტების მიმართ, მათ შორის ყოფილი ხელისუფლებისა და მისი ლიდერის მიმართ, ნიშნავს საქართველოში წინა ხელისუფლების დაბრუნებას. ჩვენ ვხედავთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ამ მიმართულებით ყველაზე დიდ წარმატებას მიაღწია და სადაცაა ეს უკვე რეალობად იქცევა. ზოგადად, ხელისუფლების ცვლილება პრობლემა არ არის. პრობლემა ის არის, რომ ამ ცვლილებებს და პროცესებს ახლავს საზოგადოებაში უპრეცედენტო მტრობა, დაპირისპირება, იმ ზღვარზე მოსვლა, რომლის იქით სერიოზულ კატასტროფამდე შეიძლება მივიდეთ.

პროცესები გასულია წითელ ხაზებს მიღმა, ჩვენ გადასული ვართ დანაღმულ ველზე. როგორც ყოფილი და დღევანდელი ხელისუფლების ლიდერები ცდილობენ, პროცესები ისე უნდა განვითარდეს, რომ ამ ველზე სხვა აფეთქდეს და არა თვითონ. პრობლემა იმაშია, რომ თუ რომელიღაც აფეთქდა, ეს ქვეყანას ჩაიყოლებს. დამოკიდებულება მეორე ტურისადმი, რომელიც ორი კვირაში უნდა იყოს, არა ისაა, თუ ვინ ვის დადებს ბეჭებზე, არამედ ის, თუ როგორ მოვძებნოთ გამოსავალი. შექმნილ კრიზისში სამართლებრივი გამოსავალი არ არსებობს, მათ შორის ყოფილი პრეზიდენტის პატიმრობასთან დაკავშირებით. მხოლოდ პოლიტიკური გამოსავალია და პოლიტიკური გამოსავალი გადის შეთანხმებაზე კოალიციური მმართველობის პირობებში ვადამდელი არჩევნების ჩატარებაზე“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, სააკაშვილმა უნდა ისარგებლოს სამართლიანი სასამართლოს უფლებით. ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემაა, რათა არც იქით დარჩეს კითხვები, დამნაშავე ხომ არ გავუშვით, რადგან ვიღაცას ასე სურდა, ასევე არც აქეთ დარჩეს კითხვები, რომ უდანაშაულო ხომ არ არის ციხეში, რადგან ვიღაცას ასე უნდოდა.

„ზოგადად, ხელისუფლებები, რომლებიც გამოჭერილნი და შემჩნეულნი არიან პოლიტიკური მიზნებით, სუს-ის, პროკურატურისა და სასამართლოს გამოყენების, ასეთი ხელისუფლებები საშიშნი არიან იმითაც, რომ შესაძლო დამნაშავეებს უქმნიან იმ მორალურ მოთხოვნას, რომლის შედეგად საზოგადოებაში იკარგება სტანდარტი და ორიენტირება. სამართლიანი სასამართლო ვერ იქნება უზრუნველყოფილი, თუ არ ჩატარდა სამართლიანი არჩევნები, თუ არ შეიქმნა ხელისუფლება და პარლამენტი, რომელიც ამაზე იქნება მობილიზებული, რომ ქვეყანა დაამშვიდოს“, – განაცხადა უსუფაშვილმა.