დავით უსუფაშვილი - შეხვედრა არაფორმალურ ვითარებაში გაიმართა და რაიმე ოფიციალურ შემოთავაზებაზე საუბარი სწორი არ არის
დავით უსუფაშვილი - შეხვედრა არაფორმალურ ვითარებაში გაიმართა და რაიმე ოფიციალურ შემოთავაზებაზე საუბარი სწორი არ არის

„ლელო საქართველოსთვის“ წარმომადგენელის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, საარჩევნო სოსტემაზე პოზიციების დაახლოების ბოლო მცდელობა მიმდინაროებს.

უსუფაშვილის თქმით, მმართველი გუნდის წარმომადგენლებისა და ოპოზიციის ნაწილის დღევანდელ არაფორმალურ შეხვედრაზე არანაირი ოფიციალური კონკრეტული შემოთავაზება არ ყოფილა.

„ჩვენი საერთაშორისო მეგობრების მცდელობით, ბოლო დღეებში, როდესაც ჯერ კიდევ შესაძლებელია შეთანხების მიღწევა, არის ბოლო მცდელობა საარჩევნო სოსტემაზე პოზიციების დაახლოების. დღეს ბევრ თემაზე იყო საუბარი, აქ არანაირ კონკრეტულ შემოთავაზებასთან  არ გვაქვს საქმე. აქ არის საუბარი იმის თაობაზე, რომ რაც შეიძლება მოიძებნოს ისეთი წერტილი, რომელზეც შეთანხება შესაძლებელი იქნება. ეს ეხება არა მხოლოდ მაჟორიტარულ-პროპორციულს შორის ბალანსს, არამედ სხვა მექანიზმებს, რომელიც ერთი – უზრუნველყოფს არჩევნების სამართლიანობას  და მეორე – უზრუნველყოფს იმას, რომ მცირე მხარდაჭერის მქონე პოლიტიკურმა ძალამ ერთპიროვნულად ვერ მართოს პარტია. ამ თემებზე იყო საუბარი.
ბევრ ვერსიაზე იყო საუბარი, მაგრამ ეს იყო არაფორმალურ ვითარებაში. ამიტომ რაიმე ოფიციალურ შემოთავაზებაზე და პასუხზე დღეს საუბარი სწორი არ არის. აქ კონკრეტული შემოთავაზების და მასზე დათანხმება-არ დათანხმების  ფორმატი არ არსებობდა. დღევანდელ შეხვედრაზე მონაწილეთა შორის ყველაზე უფრო იყო ისეთი განცდა, რომ საჭიროა შეთანხების მიღწევა. ეს განცდა არის წინაპირობა იმისა, რომ შეთანხმება მოხდეს კიდეც, რადგან ხისტი დამოკიდებულებები და პოლიტიკური პოზიციონირებები ყველაზე ნაკლებად იყო ამ შეხვედრაზე. ეს არის პირველ რიგში ჩვენი მეგობრების დამსახურება. სამწუხაროდ, ქართველებს გვჭირდება სადილები და საუზმეები უცხო ქვეყნების ელჩების რეზიდენციებში, რომ ჩვენი ქვეყნის პრობლემებზე დავილაპარაკოთ“ ,- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

შეხვედრაში, რომელიც ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში გაიმართა, მონაწილეობდნენ: საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი, გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში და აშშ-ის ელჩის მოადგილე ელიზაბეთ რუდი, ასევე პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, უმრავლესობის წარმომადგენელი ირაკლი კობახიძე, დამოუკიდებელი დეპუტატები თამარ ჩუგოშვილი და მარიამ ჯაში, დეპუტატი გია ჟორჟოლიანი, „პატრიორტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლები – „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე, „ლელო საქართველოსთვის“ წარმომადგენელი დავით უსუფაშვილი, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე, „ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი გიგა ბოკერია, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი, დეპუტატი თინა ბოკუჩავა.