დავით უსუფაშვილი - საქართველოს გაცხადებული აქვს, რომ ტერიტორიულ მთლიანობას მხოლოდ მშვიდობიანი გზებით აღადგენს, ზახაროვას ურჩევნია, თავის პრეზიდენტს უთხრას, მშვიდობიანად მოაგვარონ ყველა პრობლემა
დავით უსუფაშვილი - საქართველოს გაცხადებული აქვს, რომ ტერიტორიულ მთლიანობას მხოლოდ მშვიდობიანი გზებით აღადგენს, ზახაროვას ურჩევნია, თავის პრეზიდენტს უთხრას, მშვიდობიანად მოაგვარონ ყველა პრობლემა

„ლელოს“ წევრის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, საქართველოს პარლამენტმა რეზოლუციაში ჩაწერა, რომ საქართველო ძალის გამოყენებით არასოდეს შეეცდება აფხაზებისა და ოსების მიმართ რაიმე აქტების განხორციელებას.

უსუფაშვილი გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებას, რომლის მიხედვითაც, მოსკოვი საქართველოსგან ითხოვს სავალდებულო შეთანხმებას ორი ქვეყნის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის შესახებ.

დავით უსუფაშვილის თქმით, საქართველოს განცხადებული აქვს, რომ ტერიტორიულ მთლიანობას მხოლოდ მშვიდობიანი გზებით აღადგენს.

„ზახაროვამ გადახედოს საქართველოს ხელისუფლების მიერ არაერთხელ გაკეთებულ განცხადებას ძალის გამოუყენებლობის შესახებ. საქართველოს ეს სხვა ფორმატში დასადასტურებელი არ აქვს, რადგან ჩვენ არა მხოლოდ დეკლარირება გავაკეთეთ, არამედ 2012-2016 წლების პარლამენტმა რეზოლუციაში ჩაწერა, რომ საქართველო ძალის გამოყენებით არასოდეს შეეცდება აფხაზების, ოსების მიმართ რაიმე აქტების განხორციელებას და ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას მხოლოდ მშვიდობიანი გზებით აღვადგენთ. ეს საქართველოს გაცხადებული აქვს და ზახაროვას ურჩევნია, თავის პრეზიდენტს მიუბრუნდეს და უთხრას, რომ მათაც მშვიდობიანად მოაგვარონ ყველა პრობლემა, რაც აქვთ“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.