დავით უსუფაშვილი - სახელისუფლებო ცვლილება მომწიფებულია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ გაქრეს და ვინმე უნდა მოქრეს
დავით უსუფაშვილი - სახელისუფლებო ცვლილება მომწიფებულია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ გაქრეს და ვინმე უნდა მოქრეს

სახელისუფლებო ცვლილება მომწიფებულია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ უნდა გაქრეს და ვინმე უნდა მოქრეს, – განაცხადა „შენების მოძრაობის“ ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „საპრეზიდენტო არჩევნები 2018“.

„სახელისუფლებო ცვლილებაში ვგულისხმობ კოალიციურ ხელისუფლებას, რაც ვიღაცებს შორის პოსტსაპარლამენტო საარჩევნო შეთანხმებას ნიშნავს. სახელისუფლებო ცვლილების თემა მოსახლეობაში საკმაოდ მწიფეა. ერთი მხარე, ვინც ხმა ოპოზიციას მისცა, ამბობს, რომ ხელისუფლება შესაცვლელია; ძალიან ბევრი რამით ოცნების მომხრეთა დიდი ნაწილიც უკმაყოფილოა და თავად ოცნების ლიდერებიც. აქედან გამოსავალი ზოგადად, საპარლამენტო არჩევნებია ხოლმე“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

მისი თქმით, პოლიტიკაში მრავალპარტიული, კოალიციური მთავრობები უნდა არსებობდეს.

„პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობამ და ყველა საკრებულოში ყველა არჩევითი თანამდებობის ფლობამ ფაქტია, თავისი თავი ამოწურა. ამაზე ყველა თანხმდება, აქედანაც და იქედანაც. ამიტომ, შენ თავად გამოდი და თქვი, ხალხო, მომავალი საპარლამენტო არჩევნები პროპორციული გზით ჩატარდება, მანამდე კი, ხელისუფლებაში მე ვარ, რადგან თქვენი მანდატი მე მაქვს; ჩემი კანდიდატის გამარჯვება მინდა, რომელიც მე თავად დავაზარალე და მას საშუალება მივეცი, ჩემი თავი დაეზარალებინა, მაგრამ თუ მოხდა სასწაული და ვერ გავიმარჯვე, ამით ქვეყანა არ დაიქცევა“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, ხელისუფლება თავად იყენებს თავს იმ ვითარებაში, როდესაც სხვა შანსს არ ტოვებს, გარდა იმისა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში წაგების შემთხვევაში ეგრევე ყველაფერი დათმოს, რაც შეცდომაა.

„მე ვცდილობ, ასე არ მოხდეს“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

გადაცემის წამყვანის, ბაქარ ბერეკაშვილის შეკითხვაზე, რამდენად არის „შენების მოძრაობა“ ანტისისტემური, ანტიელიტური და ანტიისტებლიშმენტური, რადგან მთელ მსოფლიოში, ალტერნატიული ძალები სწორედ ასეთი პარტიები და ლიდერები არიან, უსუფაშვილმა განაცხადა, რომ ის ფიზიკური ასაკით 50 წლისაა და იდეაში, პოლიტიკაში არა თუ გამოსვლისთვის, არამედ შესვლისთვის არის მზად, მაგრამ რეალურად, 30 წელია პოლიტიკაშია, მორალური ცვეთა ყველას და ყველაფრს ახასიათებს და ამიტომ, მისი ამოცანაა, ქვეყანაში პოლიტიკური ძალები ძალიან სერიოზულად განახლდეს.

„მე და ჩემი თანამებრძოლები ვამბობთ, რომ მეორე პლანზე გადავდივართ და საპარლამენტო არჩევნებში მხარს სხვა კანდიდატებს დავუჭერთ“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.