დავით უსუფაშვილი - სახალხო დამცველის შერჩევასთან დაკავშირებით გიორგი ვაშაძეს არ ვუპასუხებ, ასე გადაეცით 
დავით უსუფაშვილი - სახალხო დამცველის შერჩევასთან დაკავშირებით გიორგი ვაშაძეს არ ვუპასუხებ, ასე გადაეცით 

„ლელოს“ წევრის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, სახალხო დამცველის შერჩევის პროცესში „ლელო“ თანმიმდევრულია.

მისივე თქმით, მხარს დაუჭერენ კანდიდატს, რომელიც იქნება გამორჩეული და შერჩეული ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ.

„ლელო“ არის სუპერთანმიმდევრული ამ პროცესში. ჩვენი მხარდაჭერა ექნება კანდიდატს, რომელიც იქნება გამორჩეული და შერჩეული ამ სფეროში მოღვაწე ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ. დაახლოებით 50-მა ორგანიზაციამ ეს პროცესი უკვე დაიწყო და როგორც ამბობენ, მალე დაასრულებენ. სახელისუფლებო მანევრებმა შეზღუდა ჩვენი უფლება, რომ პირდაპირ დავასახელოთ, ვინც მოგვეწონება. ამიტომ კანდიდატებს მივმართავთ და ვთხოვთ, მონაწილეობა მიიღონ ამ ოფიციალურ პროცესში. ხელისუფლების მიერ შექმნილმა ლაბირინთმა არ უნდა განიზიდოს კანდიდატები, მონაწილეობას აზრი აქვს. კომისია ვერავის დაბლოკავს. ჩვენ პროცესს ფართოდ უნდა შევხედოთ და არა ძალიან ვიწროპოლიტიკური კონიუნქტურიდან“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

რაც შეეხება სახალხო დამცველის შერჩევის პროცესთან დაკავშირებით გიორგი ვაშაძის განცხადებას, კითხვაზე, „რას უპასუხებთ გიორგი ვაშაძეს“, დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ არ უპასუხებს. „ვაშაძეს არ ვუპასუხებ. ეს გადაეცით“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

სახალხო დამცველის შერჩევასთან დაკავშირებით სამუშაო პროცესის შეფასებისას „სტრატეგია არმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა: „ჩვენ არც ერთ შემთხვევაში არ მივიღებთ მონაწილეობას იმ თაღლითურ სქემაში, რომელსაც ახლა „ქართული ოცნება“ აბლაბუდასავით ხლართავს. მეტიც, ოპოზიციონერ კოლეგებს მოვუწოდებთ, მგლის თავზე სახარების კითხვას შევეშვათ და მმართველი პარტიის ლუსტრაცია მოვახდინოთ“.