დავით უსუფაშვილი - საგანგაშო და სახიფათოა, რაც ბორჯომში ხდება
დავით უსუფაშვილი - საგანგაშო და სახიფათოა, რაც ბორჯომში ხდება

საგანგაშო და სახიფათოა, რაც ბორჯომში ხდება, – ასე ეხმაურება ბორჯომის საკრებულოში არსებულ სიტუაციას პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, „შენების მოძრაობის“ ლიდერი დავით უსუფაშვილი.

მისი თქმით, სიტუაცია საგანგაშოა და ადეკვატური შეფასება, პირველ რიგში, მმართველმა გუნდმა და ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს.

„ეს არის საგანგაშო და სახიფათო, რაც ხდება ბორჯომში. განსაკუთრებით, თუ ის იქცა პრეცედენტად. ეს მოსახლეობაში თვითმმართველობისადმი უნდობლობას გააჩენს.

ასეთი მოვლენები პოლიციითა და სპეცრაზმით არ გვარდება, ძალიან მნიშვნელოვანია, ეროვნულმა ხელისუფლებამ, პოლიტიკურმა ლიდერებმა, გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ არ დავაგმობინოთ თვითმმართველობა, თუ ასე გაგრძელდა, ხალხი იტყვის, აღარ გვინდა არჩეული მერი, დაგვინიშნეთ რაიკომის მდივანი.

აღრეულია ყველაფერი, როცა აღმასრულებელი ხელისუფლება უარს ამბობს, შეასრულოს საკანონმდებლო ხელისუფლების გადაწყვეტილებები, ამ ლოგიკით, მალე შეიძლება მთავრობამ აღარ აღასრულოს პარლამენტის გადაწყვეტილებები და რას უნდა ველოდოთ თიანეთსა და ოზურგეთში, სადაც მერები არ მოსწონთ, იმპიჩმენტს? ეს არის სახელმწიფოს ნგრევა” – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

ბორჯომის საკრებულოში დაპირისპირება და ხმაური 28 თებერვალს დაიწყო. საკრებულომ 28 თებერვალს ორი სხდომა გამართა, პირველ სხდომაზე ბორჯომის მერიის ხელფასების საკითხი და საშტატო ნუსხა ვერ დამტკიცდა, რასაც ხმაური და როგორც სიტყვიერი, ასევე, ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. დღის მეორე ნახევარში გამართულ სხდომაზე კი, საკითხი 17 მომხრე ხმით დამტკიცდა. მოგვიანებით, საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ჩაჩანიძემ განაცხადა, რომ საგანგებოდ ჩატარებული მეორე სხდომა და მიღებული გადაწყვეტილება არალეგიტიმური იყო. ბორჯომის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ ორგანიზებით, გუშინ ბორჯომში აქცია გაიმართა. ფრაქციის თავმჯდომარის, ირაკლი კვირკველიას განცხადებით, ზაზა ჩაჩანიძე ოქმს ხელს არ აწერს და ამით კანონის სრულ იგნორირებას ახდენს.

ბორჯომის საკრებულოში „ქართული ოცნება“ უმცირესობაშია.