დავით უსუფაშვილი - საარჩევნო სისტემაზე შეთანხმება არ არის არავის გამარჯვება და დამარცხება, გამარჯვებულებს და დამარცხებულებს ჩვენ დავითვლით ოქტომბერში
დავით უსუფაშვილი - საარჩევნო სისტემაზე შეთანხმება არ არის არავის გამარჯვება და დამარცხება, გამარჯვებულებს და დამარცხებულებს ჩვენ დავითვლით ოქტომბერში

ეს არ არის არავის გამარჯვება და დამარცხება, გამარჯვებულებს და დამარცხებულებს ჩვენ ოქტომბერში, არჩევნებზე დავითვლით,- ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა დავით უსუფაშვილმა საარჩევნო სისტემის თაობაზე ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის შეთანხმებასთან დაკავშირებით განაცხადა.

უსუფაშვილის თქმით, დაახლოებით ორთვენახევარი დასჭირდება საკონსტიტუციო ცვლილებების კონსტიტუციად ქცევად, პარალელურად კი ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი.

ამასთან, უსუფაშვილის განმარტებით, ხელი მოეწერა მემორანდუმს, რომელიც გულისხმობს იმას, რომ სამართალდამცავი სისტემის გამოყენებით, პოლიტიკური მოტივით პოლიტიკური ოპონენტების დევნა დაუშვებელი იქნება.

„საარჩევნო სისტემის თაობაზე შეთანხმება მიღწეულია, საარჩევნო სისტემის თაობაზე შეთანხმებას ხელი მოაწერა ყველა პარტიამ, ვინც იყო აქ წარმოდგენილი. ეს არის ტექსტი, რომელიც აისახება და მომავალ კვირას უკვე პარლამენტში შევა დადგენილი წესით. გარდა ამისა, ხელი მოეწერა მემორანდუმს, რომ განსაკუთრებით ყურადღებაა მისაქცევი მართლმსაჯულების და სამართალდამცავი სისტემის მხრიდან საარჩევნო წესის, კანონის დაცვის თაობაზე, რომ გამოირიცხოს პოლიტიკური მოტივებით ვინმეს დევნა ან დევნილი პირების საქმეების ამ თვალით შეხედვა და გადახედვა. კონკრეტულ გვარებზე და სახელებზე აქ საუბარი არ არის. მემორანდუმი ეხება პრინციპს და ამ პრინციპის შესაბამისად, ყველა კონკრეტული საკითხი, კონკრეტული გვარისა და კონკრეტული საქმის ბედი გადაწყდება შემდგომში ამ პროცესში. ეს არ არის არავისი გამარჯვება და არავისი დამარცხება, გამარჯვებულებს და დამარცხებულებს ჩვენ დავითვლით ოქტომბერში არჩევნებზე. ესაა გამარჯვება ქვეყნის, მიმანიშნებელი იმისა, რომ საქართველოში არჩევნები ჩატარდება და არა ორთაბრძოლები, ბევრთა ბრძოლები ძალაუფლების მოსაპოვებლად ან შესანარჩუნებლად, რაც არის კარგი.

დაახლოებით ორთვენახევარი დასჭირდება საკონსტიტუციო ცვლილებების კონსტიტუციად ქცევად, პარალელურად ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი, ეს ყველაფერი შესაძლებელი გახადა ბევრი ქართველი მოქალაქის თავდაუზოგავმა შრომამ და ბრძოლამ, ჩვენი პარტნიორების თავდაუზოგავმა შრომამ. ფორმულირება გულისხმობს იმას, რომ პოლიტიკური მოტივით პოლიტიკური ოპონენტების დევნა სამართალდამცავი სისტემის გამოყენებით იქნება დაუშვებელი და თუ არის სადმე რამე პრობლემა, ამის გამოსწორებისკენ იქნება მიმართული. მოლოდინი არის იმისა, რომ გაჯანსაღდება საარჩევნო გარემო და ამას სჭირდება ყველა საეჭვო საკითხის მოგვარება. მე კონკრეტული საქმეების დეტალებზე ვერაფერს მოგახსენებთ“,- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

მმართველი გუნდი და ოპოზიცია 120/30-ის მოდელზე, ერთპროცენტიან საარჩევნო და უმრავლესობის დასაკომპლექტებელ 40-პროცენტიან ბარიერზე შეთანხმდნენ.