დავით უსუფაშვილი - 2004-2005 წლებიდან ვურჩევდი სააკაშვილს, ის როლი, რაც შეასრულა ქვეყნის ტრანსფორმირებაში, თვითონაც შეერგო და ქვეყნისთვისაც მოეხმარა, რადგან დაადგა დესტრუქციული პოლიტიკური ლიდერობის გზას
დავით უსუფაშვილი - 2004-2005 წლებიდან ვურჩევდი სააკაშვილს, ის როლი, რაც შეასრულა ქვეყნის ტრანსფორმირებაში, თვითონაც შეერგო და ქვეყნისთვისაც მოეხმარა, რადგან დაადგა დესტრუქციული პოლიტიკური ლიდერობის გზას

სააკაშვილს, როგორც პოლიტიკოსს, 2004-2005 წლიდან ვურჩევდი, როლი, რომელიც მან შეასრულა ქვეყნის ტრანსფორმირებაში, თვითონაც შეერგო და ქვეყნისთვისაც მოეხმარა, რადგან ის დაადგა დესტრუქციული პოლიტიკური ლიდერობის გზას, განსაკუთრებით მისი პრეზიდენტობის მეორე ნახევარში, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

უსუფაშვილის თქმით, არ ფიქრობს, რომ სააკაშვილის პოლიტიკიდან წასვლით ქართული პოლიტიკა დაზარალდება.

„2013 წელს, როდესაც საპრეზიდენტო ვადაც ამოეწურა, მაშინაც საჯაროდაც მითქვამს და არა მხოლოდ საჯაროდ, რომ ყოფილ პრეზიდენტს უნდა მოეხერხებინა საკუთარ როლში და რანგში დარჩენა, რაც ძალიან სერიოზული პოზიციაა საზოგადოებისთვის, თუ მას სიკეთის კეთება უნდა. მისი პოლიტიკაში ყოფნით მიღებული სარგებელი, დაწყებული 2007-2008 წლებიდან, მე მაინცდამაინც არ მახსოვს და არც ახლა ველოდი. არ მგონია, რომ სააკაშვილის პოლიტიკიდან წასვლით ქართული პოლიტიკა დაზარალდება. მესმის, რომ სხვაგვარად ფიქრობენ მისი მომხრეები, მაგრამ ყველას მომხრეებმა უნდა გაიაზრონ და გავიაზროთ, რომ მუდმივი არაფერია. პოლიტიკაში ყველაფერი წარმავალია. განსაკუთრებით ასეთ თანამდებობის პირებს უნდა შეეძლოთ მოსვლა და უნდა შეეძლოთ წასვლა. ახლა სწორადაა დრო შერჩეული, სწორად მოიქცა. თავის დროზე, როცა ჩამოვიდა, მგონია, რომ კატასტროფულად არასწორად მოიქცა, პერსონალურად მისთვისაც და ქართული პოლიტიკური ცხოვრებისთვისაც. მისი გადასაწყვეტია. მე მას ამ წუთში, მას შემდეგ, რაც პატიმრობაშია, როგორც ადამიანს, ვგულშემატკივრობ. მის ოჯახის წევრებს ვუსურვებ, საყვარელი შვილი, მამა და მეუღლე ჰყავდეთ ჯანმრთელი და მასაც ვუსურვებ, რომ ცხოვრების სხვა ასპექტებზეც იფიქროს. რაც მალე, უკეთესი“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურმა რესურსმა თავი ამოწურა და დღის წესრიგის ამოცანებიც ამის მიხედვით შეიცვალა, „მისი მთავარი ამოცანაა, მიხედოს ჯანმრთელობას, გადაურჩეს მოსალოდნელ საფრთხეს – სიკვდილს“. მისივე თქმით, არანაირი პოლიტიკა მიხეილ სააკაშვილისთვის საინტერესო არ არის. არც საუბრობს ამ თემაზე.