დავით უსუფაშვილი - რუსთაველის გამზირზე, დღეს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანია დაიწყეს
დღეს რუსთაველის გამზირზე საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანია დაიწყო ერთი მხრივ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მეორე მხრივ, „ქართულმა ოცნებამ“ – ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.
„დღევანდელი მოვლენები სხვა ვერაფრით აიხსნება. გუშინდელი აქციის შემდეგ, „ნაციონალურ მოძრაობას“ ერთადერთი გზა, გამწვავებაზე წასვლა, დაპირისპირება, შეტაკება და შეხლა-შემოხლაღა რომ დარჩენოდა, ეს გუშინ საღამოს, კარვის გადატანის პროცესშივე იყო გასაგები. „ქართულმა ოცნებამ“ კი გადაწყვიტა, ამ გზას გაჰყოლოდა, ხალხი ისე დაეკავებინა, როგორც დააკავა, ისე გაესამართლებინა, როგორც გაასამართლა, პარლამენტის წევრ მელიას ისე მოპყრობოდა, როგორც მოეპყრო და უკვე ტროტუარზე გადატანილი კარვები ისე დაეშალა, როგორც დაშალა“, – განაცხადა უსუფაშვილმა.
მისი თქმით, ორივე პოლიტიკური ძალა ცდილობს, იგივე პოლიტიკური სცენარი გაითამაშოს, რითაც ბოლო რამდენიმე არჩევნებში ერთმა საკონსტიტუციო უმრავლესობით ხელისუფლებაში განმტკიცება მოახერხა და მეორემ ოპოზიციურ ფლანგზე ნომერ პირველი ძალის სტატუსის დამკვიდრება.
უსუფაშვილმა ასევე განაცხადა, რომ იმ პოლიტიკურმა ძალებმა, რომლებიც ოფიციალურად თუ არაოფიციალურად მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ ორბიტაზე ტრიალებენ, ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის ტრაგედიების ფონზე საყოველთაო მღელვარება ვერ გამოიწვიეს და პირიქით, რაც იყო, ისიც მიანელეს.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა მიზეზით არ შეუერთდა „შენების მოძრაობა“ აქციას, დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ ზაზა სარალიძეს, მალხაზ მაჩალიკაშვილსა და მათ მოთხოვნებს პარტიის მხარდაჭერა ჰქონდა, აქვს და ექნება იმის მიუხედავად, რომელ აქციაში მონაწილეობენ, ან არ მონაწილეობენ, მაგრამ კულუარულ, თუ ღია პოლიტიკურ ბრძოლებში „შენების მოძრაობა“ არ ჩაერთო და არც ჩაერთვება იმ პროცესში, რომლითაც მიზეილ სააკაშვილის და მის ორბიტაზე მყოფი ძალების წარმატებაა დაგეგმილი.
„ქართულმა ოცნებამ“ „ნაციონალური მოძრაობის“ მეთოდების გათავისებით საბედისწერო შეცდომები დაუშვა და ხელისუფლება შესაცვლელია, მაგრამ არა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ.