დავით უსუფაშვილი - მე, როგორც პრეზიდენტი, ამ ქვეყნისგან ქართულ სახელმწიფოს გავაკეთებ ქართველ მოქალაქეებთან ერთად
დავით უსუფაშვილი - მე, როგორც პრეზიდენტი, ამ ქვეყნისგან ქართულ სახელმწიფოს გავაკეთებ ქართველ მოქალაქეებთან ერთად

მე, როგორც პრეზიდენტი, ამ ქვეყნისგან ქართულ სახელმწიფოს გავაკეთებ ქართველ მოქალაქეებთან ერთად,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

უსუფაშვილის თქმით, პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში ის იქნება ძალიან აქტიური საერთაშორისო ურთიერთობაში მთავრობასთან და ოპოზიციასთან შეთანხმებით.

„დავასრულებ იმ სამარცხვინო და ქვეყნის დამაზარალებელ ვითარებას, როდესაც საერთაშორისო ვითარებაში, პრეზიდენტი, პრემიერი და ოპოზიცია ცალ-ცალკე დარბიან, ერთმანეთს ეცილებიან და ამით ყველაზე დიდ ზიანს აყენებენ ქვეყანას.

მე ვიქნები ძალიან აქტიური საერთაშორისო ურთიერთობაში, ოღონდ აუცილებლად მთავრობასთან და ოპოზიციასთან შეთანხმებით.

ეკლესიას ვერავინ და არავინ უნდა აუკრძალოს პოზიციის გამოხატვა! საჯარო მოხელეებმა უნდა დაასრულონ ეკლესიის მიერ გამოხატულ პოზიციებზე ამოფარება, პატრიარქის კალთის უკან ამოფარება, როდესაც გადაწყვეტილებაა მისაღები! კონკორდატის დადება მართლმადიდებელ ეკლესიასთან – ეს არის ერთ-ერთი ექსკლუზიურ უფლებათაგანი, რომელსაც პრეზიდენტი ერთპიროვნულად ახორციელებს“,- განაცხადა უსუფაშვილმა.

ამასთან, მისივე თქმით, პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში მას ექნება შეთავაზება სახელმწიფოს და ეკლესიის წარმომადგენლებთან.

„პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, მე მექნება სერიოზული შეთავაზება და წინადადება. სახელმწიფოს და ეკლესიის წარმომადგენლებთან: რადგან, რაც დღეს ხდება ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის, ამითი ზიანდება სახელმწიფოც, ზიანდება ეკლესიაც და ზიანდება ჩვენი საზოგადოებაც. ამიტომ, ძალიან სერიოზული, მშვიდი, ყოველგვარი პოლიტიკური სპეკულაცია მანიპულაციებისგან თავისუფალი დიალოგია გასამართი, იმისთვის, რომ კარგად გავიაზროთ ყველამ სად იწყება და სად მთავრდება მათი პასუხისმგებლობა, მათი უფლებამოსილება და ქმედება! ეკლესიის მაღალი ავტორიტეტით სპეკულირება უნდა დასრულდეს ჩვენს ქვეყანაში!

საქართველოს პრეზიდენტი არის უმაღლესი მთავარსარდალი! უმაღლესი მთავარსარდალი ქვეყნის, რომლის ტერიტორიებიც ოკუპირებულია და რაც არ არის ოკუპირებული, სამიზნეშია ამოღებული – ეს არ არის ჩვეულებრივი მთავარსარდალი.

ამ ქვეყნის მთავარსარდალმა თავისი ცხოვრების წესით, თავისი სახელმწიფოსადმი სამსახურით და ძალიან მაღალი კვალიფიკაციით, საქართველოს თითოეული მოქალაქე უნდა აქციოს საქართველოს ჯარისკაცად. რადგან ქვეყნის ჯარისკაცი არ არის მხოლოდ ის ადამიანი, ვინც იარაღით ხელში დგას ქვეყნის სადარაჯოზე. სწორედ ამიტომ ვაცხადებ, უმაღლეს მთავარსარდალს ძალიან სერიოზული ფუნქციები აქვს. ამას სჭირდება ხედვა, ენთუზიაზმი, ძალა, სიტყვის ძალა, ავტორიტეტის ძალა“,- აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.