დავით უსუფაშვილი - როგორც ჩანს, ოქრუაშვილს და პროკურატურას გაცილებით მეტი აქვთ ერთმანეთთან გასარკვევი, ვიდრე რუსთაველზე შეხლა-შემოხლის თემებია
დავით უსუფაშვილი - როგორც ჩანს, ოქრუაშვილს და პროკურატურას გაცილებით მეტი აქვთ ერთმანეთთან გასარკვევი, ვიდრე რუსთაველზე შეხლა-შემოხლის თემებია

როგორც ჩანს, ოქრუაშვილს და პროკურატურას გაცილებით მეტი აქვთ ერთმანეთთან გასარკვევი, ვიდრე რუსთაველზე მომხდარი შეხლა-შემოხლის თემებია, – ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა ირაკლი ოქრუაშვილის დაკავების საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.

უსუფაშვილი გამოეხმაურა ოქრუაშვილის მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ განცხადებას იმის შესახებ, რომ 2014 წელს გორის მერის არჩევნებში მხარდაჭერის სანაცვლოდ პროკურატურას მისცა ჩვენება იმ სახით, რა სახითაც მისცა, ჩვენების მიცემამდე კი, ირაკლი შოთაძეს შეხვდა.

„პოლიციის კორდონის გარღვევის მცდელობა კომბლებითაც და უკომბლებოდაც დასჯადია. ამიტომ, თუ პროკურატურა დასაბუთებულ ბრალს წარუდგენს ოქრუაშვილს თუ სხვას, ეს იქნება მტკიცებულებებით გამაგრებული, არ გამიკვირდება, რადგან ვიღაცამ დანაშაული ჩაიდინა რუსთაველზე, როდესაც პოლიციის კორდონის გარღვევას სცდილობდა. ვინ არის ეს, ოქრუაშვილი თუ უსუფაშვილი, ეს გასარკვევია. შეუძლებელია ირაკლი ოქრუაშვილთან დაკავშირებით არ დავინახოთ სხვა ასპექტები, ეს არის „რუსთავი 2“-თან დაკავშირებული ასპექტები და ეს არის მისი ძალიან ღია ბრალდება ხელისუფლების მიმართ, სადაც მან თქვა, რომ შოთაძე და ოქრუაშვილი პრაქტიკულად თანამონაწილენი არიან რაღაც უკანონო ქმედებების, ჩვენების მიცემასთან დაკავშირებით. სანამ სახელმწიფო წაუყენებდა ოქრუაშვილს ბრალს, ოქრუაშვილმა იქით წაუყენა პროკურატურას ბრალი, რომ ჩვენებების მიცემის დროს რაღაც ისე არ ხდებოდა, როგორც უნდა ხდებოდეს. როგორც ჩანს, ოქრუაშვილს და პროკურატურას გაცილებით მეტი აქვთ ერთმანეთთან გასარკვევი, ვიდრე რუსთაველზე მომხდარი შეხლა-შემოხლის თემებია.

„ქართული ოცნება“ 2020-სთვის რომ ემზადებოდეს, ეს არ გაგვიკვირდება, მაგრამ ამ მზადებაში მას კარგად უნდა ესმოდეს, რომ ნებისმიერ ბრალდებულთან სახელმწიფო მართალი უნდა იყოს 20-ით 0-ზე. ბრალდებულთან ურთიერთობაში თუ სახელმწიფო მართალია 19-ით ერთზე, ე.ი. სახელმწიფო აგებს. 2020-სთვის მზადება თუ ამ გზებით გაგრძელდება, ხაზარაძესთან დაკავშირებული ეპოპეა, სწორედ 20-21 ივნისთან დაკავშირებული ეპოპეა, როცა ხელისუფლება თავგამოდებით ცდილობს, მანამდე ჩადენილი დანაშაულით გაამართლოს სპეცრაზმის მოქმედებებისას ჩადენილი დანაშაულებები, ამ გზით 2020-მდე „ქართული ოცნება“ ვერ მივა“, – განაცხადა უსუფაშვილმა.