დავით უსუფაშვილი - „ქართული ოცნებისგან“ განდგომილი არანაირი ცხრა დეპუტატი არ არსებობს, არსებობს აღზევებული ცხრა დეპუტატი, რომლებსაც უზენაესმა მიანიჭა უზენაესი პრივილეგია
დავით უსუფაშვილი - „ქართული ოცნებისგან“ განდგომილი არანაირი ცხრა დეპუტატი არ არსებობს, არსებობს აღზევებული ცხრა დეპუტატი, რომლებსაც უზენაესმა მიანიჭა უზენაესი პრივილეგია

„ქართული ოცნებისგან“ განდგომილი არანაირი ცხრა დეპუტატი არ არსებობს, არსებობს აღზევებული ცხრა დეპუტატი, რომლებსაც უზენაესმა მიანიჭა უზენაესი პრივილეგია, რომ მსოფლიოზე მათი და „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერების მოსაზრებები უცვლელად გაახმოვანონ, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ წევრმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

უსუფაშვილის თქმით, აღნიშნული ცხრა დეპუტატი „ქართული ოცნების“ ლიდერების ჭეშმარიტი აზრების გამხმოვანებელია.

„ქართული ოცნებისგან“ განდგომილი არანაირი ცხრა დეპუტატი არ არსებობს, არსებობს აღზევებული ცხრა დეპუტატი. რატომ? ამ ცხრას უზენაესმა მიანიჭა უზენაესი პრივილეგია, რომ მათი და „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერების მოსაზრებები მსოფლიოზე, პირდაპირ და უცვლელად გაახმოვანოს. ამით „ქართულ ოცნებაში“ ფორმალურად დარჩენილი დეპუტატების ერთი ნაწილი საშინლად უკმაყოფილოა, რადგან თავადაც დაიღალნენ მოგუდული საუბრით, უცხოეთში რომ რაღაცები არ ეწყინოთ, სხვანაირად უნდა ისაუბრონ, მაგრამ მე ვიცნობ ძალიან ბევრს უმრავლესობაში, ვინც არანაკლებ წუხს ამ ყველაფრით, ვიდრე სხვები. რატომ გადაწყვიტა ივანიშვილმა, ეს ცხრა აღეზევებინა და ამ თამაშებს მიყვება? – ცხონებული რეზო გაბრიაძე ამაზე უკეთ გაგვცემდა პასუხს. ვისაც ქართული პოლიტიკის ნიუანსები აინტრესებს, უსმინოს ამ ცხრას, ესენი არიან „ქართული ოცნების“ ლიდერების ჭეშმარიტი აზრების გამხმოვანებელი ადამიანები. ამას არც დარჩენილი უმრავლესობა უარყოფს. ამბობენ, რომ ფორმაშია განსხვავება, თორემ შინაარსსა და პრინციპებში ერთნი ვართო. რეზო გაბრიაძის თეატრის ცუდი შესრულება აქვთ – უნდა დავიჯეროთ, რომ ვიღაცამ წუხელ დაიძინა, დილით გაიღვიძა და გადაწყვიტა, რომ სხვაგან უნდა ყოფნა“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

ცნობისთვის, მოძრაობა „ხალხის ძალას“ „ქართული ოცნების“ კიდევ ხუთი დეპუტატი, ეკა სეფაშვილი, ვიქტორ ჯაფარიძე, დავით კაჭარავა, დაჩი ბერაია, ზაალ მიქელაძე შეუერთდა და მოძრაობა საქართველოს პარლამენტში ცხრა დეპუტატით იქნება წარმოდგენილი.