დავით უსუფაშვილი - საარჩევნო ბრძოლა უნდა იყოს კონკურენცია და არა მტრობა წესების გარეშე
დავით უსუფაშვილი - საარჩევნო ბრძოლა უნდა იყოს კონკურენცია და არა მტრობა წესების გარეშე

პრეზიდენტობის კანდიდატების „ეთიკის კოდექსს“ ვუერთდები და ვაღიარებ, რომ საარჩევნო ბრძოლა უნდა იყოს კონკურენცია და არა მტრობა წესების გარეშე, – ამის შესახებ პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით უსუფაშვილმა პრეზიდენტობის კანდიდატების „ეთიკის კოდექსის“ პრეზენტაციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ყველას უნდა ახსოვდეს, რომ კანონის გარდა, არსებობს მორალი და ზნეობა, რომლის შელახვა არავითარმა პოლიტიკურმა პრობლემებმა და წინააღმდეგობებმა არ უნდა გამოიწვიოს.

„როდესაც ამ ინიციატივის შესახებ გავიგე, უყოყმანოდ შევუერთდი, არ დამიწყია გამოკითხვა, ვინ უერთდება და ვინ არა. მე ვუერთდები ამ წესებს და ვაღიარებ, რომ საარჩევნო ბრძოლა უნდა იყოს კონკურენცია და არა მტრობა წესების გარეშე. საარჩევნო პროცესმა საზოგადოება უნდა წაიყვანოს წინ და არ დახიოს უკან, ჩვენ უნდა გვახსოვდეს რომ კანონის გარდა არსებობს მორალი, ზნეობა, ზოგადადამიანური ღირსება, რომლის შელახვა, რომლის დავიწყება არავითარმა პოლიტიკურმა პრობლემებმა და წინააღმდეგობებმა არ უნდა გამოიწვიოს.

ვისურვებდი, რომ ყველა გულითა და სულით შეუერთდეს ამ დოკუმენტს და თუ ხელი მოაწერა, “ნიჩურტით” არ ჰქონდეს ხელი ჯიბეში ჩადებული, რომ კი მოვაწერ ხელს, მაგრამ ჩემსას გავაგრძელებო“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

მისი შეფასებით, ქართული პოლიტიკური სივრცე არის უკიდურესად დამახინჯებული და დანაგვიანებული უზნეო, არაეთიკური გამონათქვამებით.

„მეორე მხრივ, ეს მიმართულია განადგურების და არა გამარჯვებისკენ. პოლიტიკა უნდა დავინახოთ, როგორც კონკურენციის ჩვეულებრივი სფერო, დღეს პოლიტიკა ყოფს. დღეს საქართველოში ჩამოყალიბებულია ბანაკები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ მეორე ბანაკი უბრალოდ ზედმეტია ამ ქვეყანაში, პოლიტიკოსები და ლიდერები თავს უფლებას აძლევენ, ისე წარმოაჩინონ საქმე, ისე ელაპარაკონ ერთმანეთს, რომ მათი მომხრე ადამიანები ამავე ჩარჩოში ექცევიან. დღეს ნაციონალები პრაქტიკულად ამბობენ, რომ „ქოცები“ არიან ზედმეტი ამ ქვეყანაში და „ქოცები“ ამბობენ, რომ ნაციონალები არიან ზედმეტი. ეს არის ტვირთი, ეს არის პრობლემა ამ ქვეყანაში, ეს უნდა დავასრულოთ როგორმე. საქართველო ასეთია, საქართველო ოცნების ამომრჩევლის გარეშე აღარაა საქართველო, ნაცების ამომრჩევლის გარეშე აღარაა საქართველო, პროევროპელების გარეშე აღარაა საქართველო და არც პრორუსების გარეშეა საქართველო. ამ მთელი საქართველოს პრეზიდენტობას ვინც აპირებს, კეთილი უნდა ინებოს და საკომუნიკაციო ენა უნდა შეინარჩუნოს ყველასთან“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.