დავით უსუფაშვილი - პოლიტიკოსების საქმე არის ემოციების ჩაცხრობა და პრობლემების მოგვარება, მაგრამ ჩვენს პოლიტიკურ წრეებში ხშირად ვერ ვხედავთ პოლიტიკოსის მსგავს მოქმედებას
დავით უსუფაშვილი - პოლიტიკოსების საქმე არის ემოციების ჩაცხრობა და პრობლემების მოგვარება, მაგრამ ჩვენს პოლიტიკურ წრეებში ხშირად ვერ ვხედავთ პოლიტიკოსის მსგავს მოქმედებას

საქართველოში რა ვითარებაც არის შექმნილი ორპოლუსიანობა – არის არა  კონკურენცია, არამედ მტრობა, მობილიზებულ-მოტივირებული ლიდერები იმისთვის, რომ როგორმე, ერთმანეთი გაანადგურონ, მოსპონ, ამოძირკვონ, გააქრონ და ა.შ. ამ რეალობაში ვცხოვრობთ, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, დავით უსუფაშვილმა გიგი უგულავას განცხადებაზე საუბრისას აღნიშნა.

დავით უსუფაშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის საკითხი სწორედ იმიტომ არის უკიდურესად დელიკატური, რომ მას შესაძლოა, ძალიან სერიოზული გართულებები მოჰყვეს.

„ყველა ეპოქასა და ვითარებაში პოლიტიკოსების საქმე არის მსგავსი ემოციების ჩაცხრობა და პრობლემების მოგვარება, მაგრამ ჩვენს პოლიტიკურ წრეებში ხშირად ვერ ვხედავთ პოლიტიკოსის მსგავს მოქმედებას და იმას ვხედავთ, რასაც ნებისმიერი მოქალაქე ჩაიდენდა. მაშინ, ეს ქვეყანა შეიძლება ნებისმიერმა მოქალაქემ მართოს და ყველანი სახლში წავიდეთ. ეს არის ერთმანეთზე აყოლა. თქვენ ერთი გვარი ახსენეთ, გუშინ მეორე სახელის და გვარის კაცი ლაპარაკობდა ხაჭოზე, არაჟანზე და სრულიად მიუღებელ ამბებზე. ეს პოლიტიკა აღარ არის. აღარ ვიცი, ამ ხალხს როგორ გავაგებინო, ჩვენს მცირეწლოვან შვილებზე ვიფიქროთ, რა მაგალითს ვაძლევთ, რა სწორია და რა არასწორი – მამიკო, ასე უნდა მოიქცე, რომ გაიზრდები. ერთმა და მეორე გვარმა ამაზე იფიქრონ და იქნებ, რაიმე გამოვიდეს“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საუბრისას გიგი უგულავამ განაცახდა, რომ სააკაშვილი ციხეში რომ გარდაიცვალოს, თავად ჩაერთვება შურისძიებაში. უგულავას თქმით, ხელისუფლებას ბოლომდე არ აქვს ამ თემასთან დაკავშირებული სიტუაცია გაცნობიერებული.

„სააკაშვილს მოუვა რაღაც ციხეში და პირდაპირ ვამბობ, მერე ვნახოთ, როგორ განვითარდება – ყველა ის ადამიანი, ვინც პასუხისმგებელია; ვისაც შეუძლია და ამას არ აკეთებს, მიიღებს დიდ შურისძიებას“, – აღნიშნა უგულავამ.