დავით უსუფაშვილი - მორიგ ჯერზე ქართული პოლიტიკური ძალები არ აღმოვჩნდით შემძლე, რომ ხალხის ნება ადეკვატურად აგვესახა პარლამენტში და თავადვე მოგვეგვარებინა ყველა პრობლემა
დავით უსუფაშვილი - მორიგ ჯერზე ქართული პოლიტიკური ძალები არ აღმოვჩნდით შემძლე, რომ ხალხის ნება ადეკვატურად აგვესახა პარლამენტში და თავადვე მოგვეგვარებინა ყველა პრობლემა

ხელისუფლება ხედავს, რომ შეიქმნა ვითარება, როდესაც ოპოზიციის გარეშე ვერ შეძლებს ერთპარტიული პარლამენტით ნაბიჯების წინ გადადგმას, ვითარების სიმძიმის გააზრება არის წინაპირობა მოლაპარაკებისა, ახლა უკვე ძალიან ბევრი რამეა დამოკიდებული კეთილგონიერებაზე ორივე მხრიდან, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

როგორც დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, ქვეყანაში დამკვიდრდა პრაქტიკა, რომ მოლაპარაკებები იწყება სუპერ განსხვავებული და რადიკალურად განსხვავებული პოზიციებიდან.

„თავად მოლაპარაკებების ფაქტი ნიშნავს, რომ ორივე მხარე ხედავს, ცალმხრივად წინ წასვლა შეუძლებელია, ჩვენ ოპოზიციამ ძალიან კარგად ვიცით, რომ ხელისუფლების გადაწყვეტილების გარეშე 31 ოქტომბრის არჩევნებს არაფერი არ ეშველება, ახალი არჩევნები უნდა დაინიშნოს „ოცნების“ წარმომადგენლების მონდომებითაც. მეორე მხრივ ხელისუფლება ხედავს, რომ შეიქმნა ვითარება, როდესაც ოპოზიციის გარეშე ის ვერ შეძლებს ერთპარტიული პარლამენტით წინ ნაბიჯების გადადგმას ვითარების სიმძიმის გააზრება ორივე მხრიდან, ეს არის წინაპირობა მოლაპარაკებისა, ახლა უკვე ძალიან ბევრი რამეა დამოკიდებული კეთილგონიერებაზე ორივე მხრიდან, სამწუხაროდ ბევრი რამეა დამოკიდებული საერთაშორისო საზოგადოებაზეც, სამწუხაროდ იმიტომ ვამბობ, რომ მორიგ ჯერზე ჩვენ, ქართული პოლიტიკური ძალები არ აღმოვჩნდით შემძლე იმისა, რომ ხალხის ნება ადეკვატურად აგვესახა პარლამენტში და თავადვე მოგვეგვარებინა ყველა პრობლემა“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგად გამოწერილი ქაღალდებით ქვეყანა წინ ვერ წავა, ჩიხშია შესული.

„არჩევნები არსებობს, რადგან ჩიხი დაძლიოს, დაგროვილი პრობლემები განმუხტოს, ზუსტად ამიტომ არის მოგონილი ის ვადამდელი არჩევნებიც, რომელიც თავად კონსტიტუციაშიც წერია, როგორც გამოსავალი იმ მდგომარეობიდან, როდესაც მთავრობა ვერ ასახავს საზოგადოების განწყობებს. დღევანდელი მდგომარეობა პოლიტიკურად ზუსტად ამას მიანიშნებს, რომ მოსახლეობის უმრავლესობის განწყობას სახელისუფლებო გუნდი ვერ წარმოადგენს და ვერ ასახავს, ამიტომ არის გამოსავალიც ახალ არჩევნებში. ეს არ არის აკვიატება, ეს არის სწორედ პოლიტიკური გამოსავალი და გასაღებიც აქ არის, როდის არჩევნები, როგორ, რა პირობებით, როგორი ცესკო-ს პირობებით და ა.შ. ეს უკვე დეტალებია“, – განაცხადა უსუფაშვილმა.