დავით უსუფაშვილი - მხარს არ ვუჭერ იმას, რომ პრეზიდენტი ვაშაძე გახდეს, მაგრამ ხელისუფლებას ვეუბნები, დიდ შეცდომას ჩადის, როცა არჩევნებში სააკაშვილის თამაშს ჰყვება
დავით უსუფაშვილი - მხარს არ ვუჭერ იმას, რომ პრეზიდენტი ვაშაძე გახდეს, მაგრამ ხელისუფლებას ვეუბნები, დიდ შეცდომას ჩადის, როცა არჩევნებში სააკაშვილის თამაშს ჰყვება

თუ ხელისუფლებამ მოახერხა ის, რომ ადამიანები დააშანტაჟა, თუ ხმას მე არ მომცემთ, ჩემზე უარესი მოვაო, ასეთი ხელისუფლება ცოტა სხვა რამეს იმსახურებს, – ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „საპრეზიდენტო არჩევნები 2018“ განაცხადა.

„ეს ქვეყანა ამას არ იმსახურებს. არ შეიძლება, ამ თემაზე მსჯელობა მხოლოდ დღეს, არჩევნებამდე ორკვირიან მონაკვეთში გავმართოთ. ჩვენ პოზიციონირება დღემდე განვლილ თვეებში, თუ წლებში გვმართებს და ის მეორე ტური რაღაც შედეგით რომ დამთავრდება, დღე რომ გათენდება და ცხოვრება გაგრძელდება – იმის კონტექსტში. ესაა პოლიტიკური აზროვნება. მოქალაქის დონეზე მესმის, როცა მოქალაქე ამბობს, რა გავაკეთო, ან აქეთ უნდა წავიდე და ქვეყანა ასე ვიხსნა, ან იქეთ და ისეო, მაგრამ პოლიტიკურ მოთამაშეს ცოტა მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, კონკრეტულად ამ თემასთან დაკავშირებით, მას ხმამაღლა, არა ერთხელ, არა ერთი ტრიბუნიდან და არა ერთ ფორმატში უთქვამს, რომ რასაც აკეთებდნენ, ამით დონორობას „ნაციონალურ მოძრაობს“ უწევდნენ და სერიოზული პრობლემებისკენ მიდიოდნენ.

„2018 წლის არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, ივანიშვილს, „ქართულ ოცნებას“ და მათ კანდიდატს კიდევ ერთხელ მივმართე. ვთქვი, რომ ხალხო, ახლა რაც ხდება, ამით მოგყავთ ის რეალობა, როცა თქვენს თავს „ნაციონალურ მოძრაობას“ აცვლევინებთ მეთქი. მე ვიცი, რომ მათი დაბრუნება ამ ქვეყნისთვის უფსკრულია, მაგრამ თქვენ ამას აკეთებთ და ნუ აკეთებთ თქო“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

შეკითხვაზე, რამდენად გამართლებულია მისი გადაწყვეტილება, რადგან ლოგიკურად, თუ კვლავ სახლში დარჩება ის ამომრჩეველი, ვინც არჩევნებზე არ მივიდა, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის გამარჯვება გარდაუვალი გახდება, დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ ის ამ ვითარებაში სახლში ჩუმად კი არ ზის და არ ელოდება, ვინ გაიმარჯვებს, არამედ ხელისუფლებას ყველა შესაძლო ფორმით ისევ ეუბნება, რომ მიხეილ სააკაშვილის თამაში არ ითამაშოს.

„ხელისუფლებაც ახლა ვეუბნები, საპრეზიდენტო არჩევნებს სახელისუფლებო არჩევნებად ნუ აქცევ და თავად ნუ ლაპარაკობ, რომ თუ არჩევნები წააგე, ესე იგი, ხელისუფლებას კარგავ და ესე იგი, აპოკალიპსი იწყება. მე მხარს არ ვუჭერ იმას, რომ პრეზიდენტი ვაშაძე გახდეს, მაგრამ ხელისუფლებას ვეუბნები, რომ ძალიან დიდ შეცდომას ჩადის, როცა ამ არჩევნებში სააკაშვილის თამაშს ჰყვება და ამბობს, რომ ამ არჩევნების შედეგით ან სააკაშვილი მოდის ხელისუფლებაში, ან თვითონ რჩება. ის არ ლაპარაკობს იმას, რომ თავად არის ხელისუფლებაში“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

გადაცემის წამყვანის, ტატო ხუნდაძის შეკითხვაზე, რამდენად სწორია მისი ყოფილი პარტიის არჩევანი, როცა „რესპუბლიკურმა პარტიამ“ მხარი გრიგოლ ვაშაძეს დაუჭირა და მოსალოდნელია თუ არა პირადად მისი პოზიციის გადახედვა, დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ ყოფილ პარტიასთან ქვეყნისთვის ბრძოლა აკავშირებს, მაგრამ ორი წელია, ის და მისი ყოფილი პარტია ერთმანეთის ქმედებებზე პასუხს არ აგებენ, „რესპუბლიკური პარტიის“ პოზიციას კი, არ იზიარებს.