დავით უსუფაშვილი - მესმის, რა ურთულესი გადასაწყვეტი იყო მმართველი გუნდისთვის თანამდებობიდან შოთაძის წასვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღება
დავით უსუფაშვილი - მესმის, რა ურთულესი გადასაწყვეტი იყო მმართველი გუნდისთვის თანამდებობიდან შოთაძის წასვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღება

საკუთარი გამოცდილებიდან და ცოდნიდან გამომდინარე, ძალიან კარგად მესმის, რა ურთულესი გადასაწყვეტი იყო მმართველი გუნდისთვის და პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილისთვის შოთაძის თანამდებობიდან წასვლის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება, საგამოძიებო კომისიის შექმნა და დე ფაქტო, თუ დე იურე უმრავლესობის კონკრეტული პოლიტიკური ძალისთვის დათმობა – განაცხადა „შენების მოძრაობის“ ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“.

„ხელისუფლების მხრიდან ეს ძალიან მტკივნეული გადაწყვეტილებები იყო. ეს გადაწყვეტილებები მიღებულ იქნა იმ დღეს, როცა შვილმკვდარი მამის, ზაზა სარალიძის გულწრფელ ამოძახილზე სრულიად საქართველო ფეხზე დადგა. ხელისუფლება იმ დღეს ადეკვატური იყო“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

„შენების მოძრაობის“ ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ „ევროპულმა საქართველომ“ თავის თავზე დიდი პასუხისმგებლობა აიღო, რადგან თუ კომისიამ ყველაფერი ისე ვერ გამოიძია, რომ საზოგადოებამ მათი დაიჯეროს, ისინი შესაძლოა, პოლიტიკური მესაფლავის როლში აღმოჩდნენ, ან საკუთარი თავის მესაფლავე, ხოლო თუ კარგად გამოიძია და სისტემური პრობლემები გამოავლინა, მაშინ „ქართული ოცნების“ მესაფლავე.

როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, სასამართლოსადმი ნდობის ასამაღლებლად ხელისუფლებამ კონკრეტული პოზიტიური ნაბიჯები უნდა გადადგას და კოლექტიური მურუსიძის თემა როგორმე წარსულს უნდა ჩაბარდეს.

„ამის უმოკლესი და ყველაზე უმტკივნეულო გზა იუსტიციის საბჭოს წევრთა უფლებამოსილების შეწყვეტა და ახალი ხალხის დანიშვნაა“ – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.