დავით უსუფაშვილი - მექნება წინადადება, იქნებ, დავაწესოთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევის შემთხვევაში, პირმა პარტიის წევრობა შეიჩეროს
დავით უსუფაშვილი - მექნება წინადადება, იქნებ, დავაწესოთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევის შემთხვევაში, პირმა პარტიის წევრობა შეიჩეროს

„ლელოს“ წევრმა, დავით უსუფაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას შალვა პაპუაშვილს და „ქართული ოცნების“ გუნდის წევრებს წინადადებით მიმართა, რომ შეიმუშაონ წესი, რომლის მიხედვითაც პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევის შემთხვევაში, პირი პარტიის წევრობას შეიჩერებს.

როგორც უსუფაშვილი ამბობს, ეს იქნება საშუალება, რომ პარლამენტის თავმჯდომარე საქმიანობისას ნეიტრალური იყოს.

„ბატონო შალვა, ძვირფასო კოლეგავ არა მარტო პარლამენტში, მგონია, რომ მიდგომაშია ერთადერთი პრობლემა იმისა, თუ რატომ ვერ მოხერხდა ამ ქვეყანაში იმ უბედურების დაძლევა, რაც გვჭირს – პოლარიზაცია, გაუთავებელი მტრობა და ვერ მოხერხება, რომ ადამიანები ერთმანეთს დაველაპარაკოთ. პირველ რიგში, იმის გააზრება, რომ არა, ხალხო, ჩვენ არა ვართ მხოლოდ ჩვენი მხარდამჭერების წარმომადგენელი, მხარდამჭერებმა აგვირჩიეს მთელი ქვეყნის საპატრონოდ და პარლამენტის თავმჯდომარის მთავარი ამოცანა სწორედ ესაა, რომ ვინც მხარს არ გიჭერს, იმისი თავმჯდომარეც იყო.

ბატონო შალვა, იქნებ, იფიქროთ იმაზე, რაც მე თავის დროზე ვერ გავაკეთე და შემდეგ უკვე გვიან იყო. აი, ამ პრობლემებს რომ თავი დააღწიოთ, წინადადებაც მექნება, შესაძლოა, რეგლამენტშიც და სადმე ჩავწეროთ. იქნებ, დავაწესოთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევის შემთხვევაში, ეს პირი პარტიის წევრობას აჩერებს ამ ვადით, რათა არ იყოს დატვირთული, გახლართული იმ პოლიტიკურ პროცესებში, რომლებიც შემდეგ აღარ აძლევს საშუალებას, რომ ნეიტრალური წარმმართველი იყოს პროცესის, ნეიტრალური მომგვარებელი, კონსენსუსის მაძიებელი.

საპარლამენტო პრაქტიკაში ძალიან სერიოზული თემებია. ამ შემთხვევაში წინ გადაიდგმებოდა ნაბიჯები, თუ იქნებით ამისთვის მზად და გუნდი თუ იქნება მზად. სხვა შემთხვევაში, პირველივე მნიშვნელოვან საკითხზე გვექნება იგივე მდგომარეობა, იგივე პარტიული გადმოსახედიდან გადადგმული ნაბიჯები, რომლებიც წინ ვერ წაგვიყვანს. ძალიან მოხარული ვიქნები, რომ რაც შეიძლება მალე იძულებული გამხადოთ, ამ ტრიბუნიდან მოგახსენოთ, რომ შევცდი, თურმე არასწორი დასკვნები გამიკეთებია და სჯობდა, მხარი დამეჭირა-მეთქი“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.