დავით უსუფაშვილი - მეცხრე მოწვევის პარლამენტმა უზენაეს სასამართლოში ვაკანსიების უმრავლესობის საკითხი მომავალი პარლამენტის გადასაწყვეტად უნდა დატოვოს
დავით უსუფაშვილი - მეცხრე მოწვევის პარლამენტმა უზენაეს სასამართლოში ვაკანსიების უმრავლესობის საკითხი მომავალი პარლამენტის გადასაწყვეტად უნდა დატოვოს

„შენების მოძრაობის“ ხელმძღვანელი დავით უსუფაშვილი მიიჩნევს, რომ მეცხრე მოწვევის პარლამენტმა უზენაეს სასამართლოში რამდენიმე მოსამართლე უნდა განამწესოს, ვაკანსიების უმრავლესობის საკითხი კი, მომავალი პარლამენტის გადასაწყვეტად დატოვოს.

როგორც ჟურნალისტებს უსუფაშვილმა განუცხადა, სასამართლოში არსებულმა კრიზისმა თავის მწვერვალს გასული წლის ბოლოს მიაღწია და მას შემდეგ გარკვეული მცდელობებია, რომ კრიზისი გამოსწორდეს და დაიძლიოს, მაგრამ ეს ადეკვატური მცდელობები არ არის, რადგან სასამართლოში საქმეებს ის ადამიანები განაგებენ, ვინც ეს სისტემა კრიზისში შეიყვანა.

„პარლამენტს შეუძლია, წინ მართლაც რეალური ნაბიჯი გადადგას და პასუხისმგებლობა აიღოს, ის, რაც მას ეკისრება. კერძოდ, უზენაესს სასამართლოში რამდენიმე ადამიანი განამწესოს და ვაკანსიების უმრავლესობა მომავალი პარლამენტის გადასაწყვეტად დატოვოს. პროპორციული არჩევნები იმიტომ გვჭირდება, რომ ვითარება ყველა მიმართულებით გამოვასწოროთ არა მხოლოდ პარლამენტი გვქონდეს უკეთესი, არამედ ნებისმიერი გადაწყვეტილებები იყოს უკეთესი, მათ შორის საკადრო საკითხებში. ხელისუფლების მხრიდან პროპორციულ არჩევნებზე დათანხმება, ლოგიკურად იმას უნდა ნიშნავდეს, რომ სხვა მიმართულებითაც გადაიდგას ადეკვატური ნაბიჯები ჩვენი ქვეყნის ინსტიტუციური გაჯანსაღებისთვის. ამიტომ, ლოგიკური იქნება, თუ ეს პარლამენტი რამდენიმე მოსამართლეს დანიშნავს, რაც სასამართლოში არსებულ პრობლემას მოაგვარებს და უზენაეს სასამართლოში ისეთ დაკომპლექტებას შევძლებთ, რომ ნდობა გაჩნდეს. დღეს ეს ვერ მოხდება, თუ პარლამენტი უზენაეს სასამართლოში ყველა ვაკანსიის შევსებას გადაწყვეტს“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

საქართველოს პარლამენტში დეპუტატები ლევან გოგიჩაიშვილი, ლევან კობერიძე, კობა ნარჩემაშვილი და ბიძინა გეგიძე საკანონმდებლო ორგანოში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლეწევრებთან, ნაზი ჯანეზაშვილთან და ანა დოლიძესთან შეხვედრას მართავენ.

შეხვედრის მთავარი საკითხი მოსამართლეთა შერჩევის პროცედურებია.