დავით უსუფაშვილი - მართლმსაჯულების სისტემაში ერთხელ მონობაგავლილი ადამიანები მეორედ ვაჟკაცებად ვერ იქცევიან
დავით უსუფაშვილი - მართლმსაჯულების სისტემაში ერთხელ მონობაგავლილი ადამიანები მეორედ ვაჟკაცებად ვერ იქცევიან

სასამართლოს წარმომადგენლები გახდნენ პოლიტიკური მხარე და ამას ხელი შეუწყო ხელისუფლების იმ ნაბიჯებმა, რომელსაც ვენეციის კომისიაც აკრიტიკებს და ჩვენც, – ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

„თუ წინა ხელისუფლების დროს საქმე გვქონდა პოლიტიკურ ხელისუფლებასთან სრულ მორჩილებაში მყოფ სისტემასთან, რომელიც უსიტყვოდ ასრულებდა მითითებებს, დღეს ამ სისტემის პოლიტიკური გააქტიურებაც მოვახერხეთ, ანუ მთავარი სასამართლოს წარმომადგენლები გახდნენ პოლიტიკური მხარე და ამას ხელი შეუწყო ხელისუფლების იმ ნაბიჯებმა, რომელსაც ვენეციაც აკრიტიკებს და ჩვენც. შესაძლოა, მურუსიძეს დავეთანხმოთ, ისინი უფრო დამოუკიდებელი არიან იმ აზრით, რომ ერთ ადამიანზე დამოკიდებულების ხარისხი დღეს გაცილებით მაღალია, ვიდრე იყო უწინ“, – აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, წინა ხელისუფლების დროს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს სასამართლოს მართვა მინდობილი ჰქონდა რამდენიმე ქვემდგომი ადამიანისთვის, დღევანდელ სისტემაში კი სასამართლოს მართვა ხორციელდება პირდაპირ პოლიტიკური ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის მხრიდან.

„ანუ თუ მურუსიძე ამას მეუბნება, რომ ძველ დროში სხვებისგან ვიღებდით რჩევებს და მითითებებს, ახლა ერთ კაცს ვემორჩილებითო, დანარჩენი ყველასგან განვთავისუფლდითო, ამაში მართალია და ვაი ამ სიმართლეს. სწორედ ეს არის პრობლემა, რომ ამ ადამიანების დამოუკიდებლობა საკუთარ სინდისზე დამოკიდებულებას კიარ ნიშნავს, სხვის თვალებზე დამოკიდებულებას. ისინი ბედნიერები არიან, სხვები ვეღარ გვაწუხებენო და ერთი ადამიანისგან შეწუხებული დიდი სიამოვნებით ვიქნებითო. ამ ტიპის დამოუკიდებლობას ელტვიან. პირადად მე კონკრეტულ ადამიანებთან, მათ ცხოვრებასთან ნაკლები პრობლემა მაქვს. მე ძალიან სერიოზული პრობლემა მაქვს იმასთან, რომ მართლმსაჯულების სისტემაში ერთხელ მონობაგავლილი ადამიანები მეორედ ვაჟკაცებად ვერ იქცევიან და დღეს თუ ისინი ვაჟკაცობენ, ეს არის ვაჟკაცობა ისეთივე მორჩილების ქვეშ, ანუ სხვისი იმედით ბიძინა ივანიშვილმა ხვალ რომ შეიცვალოს აზრები, ნახავთ, რა დარჩება ამ ადამიანები დამოუკიდებლობისგან. ესაა სისტემური პრობლემა“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

დატოვე კომენტარი