დავით უსუფაშვილი - ლევან ვასაძეში გაცილებით მეტი სიყალბე და პერფორმანსი დავინახე, ვიდრე გულწრფელი სურვილები
დავით უსუფაშვილი - ლევან ვასაძეში გაცილებით მეტი სიყალბე და პერფორმანსი დავინახე, ვიდრე გულწრფელი სურვილები

„შენების მოძრაობის“ ლიდერი, დავით უსუფაშვილი მიიჩნევს, რომ ბიზნესმენ ლევან ვასაძის განცხადებები „ქართული ოცნების“ არასწორი მმართველობის პირდაპირი შედეგია.

როგორც უსუფაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ქვეყანაში ხელისუფლების დეფიციტია.

„ქვეყანაში პირველი პრობლემა ის არის, რომ ხელისუფლების დეფიციტია. ლევან ვასაძემ თავისი წესრიგი გამოგვიცხადა, მე რასაც ვთვლი წესად, გარეთ იმის დასაცავად გამოვდივართო. ეს არის „ქართული ოცნების“ არასწორი მმართველობის პირდაპირი შედეგი, როცა „ქართული ოცნების“ ლიდერი გვეუბნება, რომ ცხოვრების წესებს მე ვადგენ, კონსტიტუციაში რა წერია, ამას ნაკლები მნიშვნელობა აქვსო, ახლა ვინმე ვასაძე გამოდის და ჩემს წესებს ახლა მე დავადგენო. პანკისის ხეობაში სხვები ამბობენ, რომ წესებს დავადგენთო, ბიზნესწრეებში ამბობენ, საქმეებს ჩვენ დავადგენთო, როცა ივანიშვილმა გამოგვიცხადა, რომ ბიზნესმენებს ვეუბნები სასამართლოში არ წახვიდეთ, ჩემთან მოდით, მოგარიგებთო“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

მისი თქმით, ეს ნიშნავს, რომ ალტერნატიული წესრიგის დამკვიდრება დაიწყო.

„ალტერნატიული წესრიგის დამკვიდრება დაიწყო. ამას ვასაძეებამდე და ბევრ ასეთ მოვლენებამდე მივყავართ. მთავარი და საგანგაშო იყო, რომ მოქალაქეებმა და ვასაძემ თამამად თქვეს, ხვალ რაც გვინდა, იმას გავაკეთებთ, კანონი და პოლიცია არ გვაინტერესებსო. თუ ახლა უკან დაიხია, ეს მისი მხრიდან თუ პოლიტიკური მანევრია, არ ვფიქრობ, რომ სახელმწიფო ვიღაც-ვიღაცებს პოლიტიკურ მანევრებში უნდა აჰყვეს, მე ვიქნები, თუ ვასაძე“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

მისი შეფასებით, კანონის წინაშე ყველა თანასწორია.

ამასთან, როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, ვასაძის გულწრფელობაში ეჭვი ეპარება.

„ვასაძის გულწრფელობაში ეჭვი ბოლო დღეებში განსაკუთრებით შემეპარა. მასში გაცილებით მეტი სიყალბე და პერფორმანსი დავინახე, ვიდრე გულწრფელი სურვილები. პოლიტიკურ პროცესებში ყველას თავისი გზა აქვს“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.