დავით უსუფაშვილი - ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მონაწილეობა მივიღოთ კარგი ომბუდსმენის შერჩევაში და არა კარგი კანდიდატის დასახელებაში, მზად ვართ კონსულტაციებისთვის
დავით უსუფაშვილი - ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მონაწილეობა მივიღოთ კარგი ომბუდსმენის შერჩევაში და არა კარგი კანდიდატის დასახელებაში, მზად ვართ კონსულტაციებისთვის

„ლელოს“ კანდიდატის წარდგენის უფლება გვაქვს, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მონაწილეობა მივიღოთ კარგი ომბუდსმენის შერჩევაში და არა კარგი კანდიდატის დასახელებაში, რომელიც, დიდი ალბათობით, გაზიარებული არ იქნება, რადგან 90 ხმა გვჭირდება, – ამის შესახებ პოლიტიკური ჯგუფის, „ლელოს“ წევრმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

უსუფაშვილის თქმით, მზად არიან სერიოზული კონსულტაციებისთვის და არა მხოლოდ ომბუდსმენთან დაკავშირებით, არამედ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არასამოსამართლე წევრების შერჩევის თაობაზეც.

„ყველამ ვნახეთ, ხელისუფლების გაუგებარმა მოძრაობებმა პროცესი როგორ დააზარალა. სექტემბერში ახალი წესები მიიღეს, სიტუაცია ჩახლართეს, კონკურსი ჩაატარეს, მათ მიერვე შერჩეული კომისიის მიერ საუკეთესოდ გამოვლენილ ხალხზე თქვეს უარი, ვერ ავირჩიეთ ომბუდსმენი. თავიდანვე გვქონდა პოზიცია, რომ თავი დაგვენებებინა ჩახლართვაზე და გვემუშავა მოქმედი კანონით, რომლითაც ლომჯარია ავირჩიეთ. ახლა საწყის პოზიციას ვუბრუნდებით. დავკარგეთ ექვსი თვე, რეპუტაციული ზიანი მივიღეთ ქართველ ხალხსა და მსოფლიოში, გავაჩინეთ კითხვები – ეს ხალხი თამაშობს თუ რას შვება, რას წვალობენ, ბოლოში მაინც ვერ აარჩიესო. სერიოზული დარტყმები მივიღეთ და თან სერიოზულ სფეროში“, – განუცხადა დავით უსუფაშვილმა საქართველოს პირველ არხს.