დავით უსუფაშვილი - „ლელო“ მზად არის, ცალკეულ ოლქებში მაჟორიტარულ კანდიდატებთან დაკავშირებით ურთიერთხელსაყრელ პირობებზე დათანხმდეს 
დავით უსუფაშვილი - „ლელო“ მზად არის, ცალკეულ ოლქებში მაჟორიტარულ კანდიდატებთან დაკავშირებით ურთიერთხელსაყრელ პირობებზე დათანხმდეს 

„ლელო“ მზად არის, ცალკეულ ოლქებში მაჟორიტარულ კანდიდატებთან დაკავშირებით ურთიერთხელსაყრელ პირობებზე დათანხმდეს მას შემდეგ, რაც გაირკვევა, რა საარჩევნო კანონით მოვდივართ არჩევნებზე და ოპოზიციური სპექტრიდან ვინ, როგორ და სად სახელდება, – ამის შესახებ მოძრაობა „ლელოს“ წევრმა, დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

როგორც დავით ბერძენიშვილმა აღნიშნა, „ლელო“ არჩევნებში მონაწილეობს, როგორც დამოუკიდებელი პარტია.

„თბილისთან დაკავშირებითაც შესაძლოა, იყოს ცალკეულ ოლქებზე შეთანხმება, მაგრამ ამ პროცესში „ლელო“ იქნება თავისი ნათქვამის ერთგული, რომ ჩვენ ვმონაწილეობთ არჩევნებში, როგორც დამოუკიდებელი ძალა, რათა ლურჯი ფერი ყვითლით შევცვალოთ და არა წითლით. ჩვენ გვახსოვს კარგად, რომ ახალი საარჩევნო სისტემით 120 მანდატი პროპორციულად გადანაწილდება და მხოლოდ 30 მაჟორიტარულით, ამიტომ მაჟორიტარულ ოლქებთან დაკავშირებით ჩვენი ნაბიჯები იქნება ძალიან სერიოზულად განპირობებული იმითი, თუ რა იქნება „ლელოსთვის“ უფრო სასარგებლო 120 მანდატიდან რაც შეძლება მეტის მოსაპოვებლად, რადგან მხოლოდ მაჟორიტარული არჩევნები არ გვაქვს. შესაბამისად, ჩვენ მაჟორიტარებთან დაკავშირებით არ ვჩქარობთ, წინ კიდევ არის დრო. ოპოზიციურ ძალებს შორის მიმდინარეობს კონსულტაციები, ჩვენ ნაწილობრივ ამ საკითხებში ვართ ჩართული, მაგრამ ეს არ არის ჩვენთვის პრიორიტეტი“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

რაც შეეხება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ ყველა პოლიტიკური ძალა, რომელიც დამოუკიდებლად გადის არჩევნებზე, მან უნდა შესთავაზოს საზოგადოებას პროგრამა, ამ პროგრამის აღმასრულებელი და შემსრულებელი მთავრობა, თავისი პრემიერ-მინისტრით.