დავით უსუფაშვილი - ლაპარაკი საჭიროა მათთან, ვინც არ გეთანხმება, ვის არ ველაპარაკო, ვის გადაწყვეტილებაზეც დამოკიდებულია ქვეყნის ბედი?
დავით უსუფაშვილი - ლაპარაკი საჭიროა მათთან, ვინც არ გეთანხმება, ვის არ ველაპარაკო, ვის გადაწყვეტილებაზეც დამოკიდებულია ქვეყნის ბედი?

ლაპარაკი საჭიროა მათთან, ვინც არ გეთანხმება. ყოფილმა პრეზიდენტმა შემოგვთავაზა, საერთოდ რატომ ხართ პარლამენტში, დუშეთში მოდით, ბუხრის პირას ჩამოვჯდეთ და უფრო უკეთ გაკეთდება საქმეო, ამ მოსაზრებებს ვისმენთ, პატივს ვცემთ და ჩვენს საქმეს ვაკეთებთ, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

უსუფაშვილს კითხვა დაუსვეს ელენე ხოშტარიას განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, ოპოზიცია „ოცნებასთან“ კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით არ უნდა თანამშრომლობდეს.

დავით უსუფაშვილის თქმით, ვიდრე ამ ქვეყანაში პოლიტიკოსები პოლიტიკოსობას ისწავლიან, ქვეყანა დაიცალა.

„იმ ადამიანების კარგად მესმის, ვინც ფილოსოფიურად ჩათვალა, რომ პარლამენტში ჯდომით არაფერი გაკეთდებოდა და ამ ქვეყნისთვის სიკეთის მოტანისთვის სხვა გზებს ეძებენ. მათი გადმოსახედიდან „ლელო“ ვერაფერს გააკეთებს ისეთს, რაზეც იტყვიან – დედა, რა კარგია. მაშინ, მეორე კითხვა იქნება – თქვენ იქ რატომ არ ხართ და ამ კარგს რატომ არ აკეთებთო. სრულიად გასაგებია, რომ ამ ადამიანებისთვის ეს გზა მიუღებელია. ეს მესმის, მაგრამ ჩემთვის ამ თემაზე მათი მოსაზრებები ყველაზე ნაკლებსაინტერესოა, რადგან ბუნებრივად არის ეს მოცემულობა. რა შედეგსაც არ უნდა მივაღწიოთ, მაინც იტყვიან, რომ ეს არ არის სწორი, რადგან გუშინ აქ იყვნენ და დღეს აღარ არიან. საკითხს არ ვაყენებთ, რომ საქმე მხოლოდ პარლამენტში ყოფნით ან მხოლოდ ქუჩაში ყოფნით მიიღწევა. ყოფილმა პრეზიდენტმა შემოგვთავაზა, საერთოდ რატომ ხართ პარლამენტში, დუშეთში მოდით, ბუხრის ძირას ჩამოვჯდეთ და უფრო უკეთ გაკეთდება საქმეო. ამ მოსაზრებებს ვისმენთ, პატივს ვცემთ და ჩვენს საქმეს ვაკეთებთ. წინა მოწვევის პარლამენტში ვთქვი, 150 დეპუტატს შორის ერთი ადამიანია, ვინც მიყვარს-თქო. თინა ხიდაშელზე ვლაპარაკობ. დანარჩენებთან ვთანამშრომლობ, რადგან აქ არიან. ისიც აღარ არის პარლამენტში, ვინც მიყვარს, მაგრამ ამის გამო ამ ხალხს არ ველაპარაკო, ვის გადაწყვეტილებაზეც დამოკიდებულია ამ ქვეყნის ბედი. ჟურნალისტები ხართ და შეგიძლიათ, მიკროფონი გამომირთოთ, ამ კაცს ვერ ვიტან და არ ჩამწეროთ? ჟურნალისტი ხართ? – მგონი, ვეღარ. ვინც არ გეთანხმება, მასთან ლაპარაკია საჭირო, თორემ, ვახტანგ ხმალაძესთან ლაპარაკი რაში მჭირდება? შვიდი თვეა არ მინახავს, მაგრამ ერთ ჭკუაზე ვართ. ველოდები, რომ ამ ქვეყნისგან სახელმწიფო გამოვა და ერთპიროვნული ძალაუფლებით მთვრალი ადამიანები, წინა და ამჟამინდელი ხელისუფლებიდან ხდებიან ბრმანი და ყრუნი, მხოლოდ ქება ესმით. სამწუხაროდ. ამ ვითარებაში ვართ. სანამ ამ ქვეყანაში პოლიტიკოსები პოლიტიკოსობას ისწავლიან, ეს ქვეყანა დაგვეცალა. თუ ვინმე ვინმეს არ ელაპარაკება და არასწორს აკეთებს, ამაში ავყვე?“, – განაცხადა უსუფაშვილმა.