დავით უსუფაშვილი - კოალიციურ მთავრობასთან დაკავშირებით საუბარი ამ ეტაპზე უსაგნო და ზედაპირულია
დავით უსუფაშვილი - კოალიციურ მთავრობასთან დაკავშირებით საუბარი ამ ეტაპზე უსაგნო და ზედაპირულია

ვინც არ არის დარწმუნებული რაღაცებში და დათქმები, დაფიცებები სჭირდება, საკუთარ მოქმედებებში თავისუფალი არიან, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს „შენების მოძრაობის“ თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა განუცხადა, რომელიც „ევროპული საქართველოს“ წევრის, გიგი უგულავას მოწოდებას გამოეხმაურა.

უსუფაშვილის თქმით, კოალიციურ მთავრობასთან დაკავშირებით საუბარი ამ ეტაპზე უსაგნო და ზედაპირულია.

„არ მეგონა, თუ ოდესმე „ევროპული საქართველო“ „ქართულ ოცნებასთან“ კოალიციის შექმნას აპირებდა. ჩვენი პოზიცია მკაფიო და მარტივად აღსაქმელია, რაც საპრეზიდენტო არჩევნებში საქმით დავამტკიცეთ, ლაპარაკის გარდა. ივანიშვილი შესაცვლელია, თუმცა არა სააკაშვილით. ხელისუფლება შესაცვლელია, მაგრამ არა წინა ხელისუფლების უკან დაბრუნებით. ეს არის ჩვენი პოლიტიკური კრედო და კონცეფცია, რასაც მივყვებით არჩევნებამდე და მას შემდეგაც. ქვეყანაში უნდა დასრულდეს ამ ორ პოლიტიკურ ცენტრს შორის სამოქალაქო, ცივი ომი, რომელიც შთანთქავს მთელ პოზიტიურ ენერგიას. ამ კონცეფციისკენ არავის მოვუწოდებ, ვანამუსებ, თუ სხვა მიაჩნიათ ქვეყნის კეთილდღეობის მისაღწევად – სააკაშვილთან ერთად, რა ვქნათ, ასე მიაჩნიათ. პოლიტიკაში ვინც ბულინგს ექვემდებარება, მისი ადგილი პოლიტიკაში საერთოდ არ არის. ამ სახის შეძახილებზე არ მაკანკალებს, არც „ოცნებისგან“ დავბულინგებულვარ და არც სააკაშვილისგან დავბულინგებულვარ, მკაფიო პოზიციებით ის ცხრა წელიც გავიარე და ახლაც მკაფიო პოზიციები მაქვს. კოალიციაზე საუბარი ამ ეტაპზე უსაგნო და ზედაპირულია არჩევნებამდე, რადგან ახალი მოთამაშეები იბადებიან, ძველები გადაჯგუფებას აკეთებენ, მომავალ წელს ამ დროს შეიძლება კონტურებზე იყოს საუბარი, მაგრამ ახლა იმის თქმა, ვისთან ერთად მოახერხებს „შენების მოძრაობა“ ივანიშვილის ხელისუფლებიდან ისე გაშვებას, რომ სააკაშვილი არ მოუშვას, ამაზე პასუხი რომ მქონდეს, არასერიოზული ადამიანი უნდა ვიყო“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

პარტიები „ევროპული საქართველო“ და „თავისუფალი დემოკრატები“ ყველა ოპოზიციურ პარტიას მოუწოდებენ, ხმამაღლა განაცხადონ, რომ 2020 წლის არჩევნების შემდეგ ბიძინა ივანიშვილს მთავრობას არ შეუქმნიან და მათთან ერთად არ შევლენ კოალიციაში. „მკაფიოდ განვაცხადოთ, რომ ივანიშვილის მთავრობასთან არ შევალთ კოალიციაში“, – განაცხადა დღეს გიგი უგულავამ.