დავით უსუფაშვილი - კიდევ ერთხელ მივმართავ მმართველ პარტიასაც და მათ ფავორიტ კანდიდატსაც, კარგად დაფიქრდნენ, რას ლაპარაკობენ
დავით უსუფაშვილი - კიდევ ერთხელ მივმართავ მმართველ პარტიასაც და მათ ფავორიტ კანდიდატსაც, კარგად დაფიქრდნენ, რას ლაპარაკობენ

მმართველმა პარტიამ და სალომე ზურაბიშვილმა გადაწყვიტეს, ლეგალურად ერთად წარდგნენ არჩევნებზე, შესაბამისად, სალომე ზურაბიშვილის მოსაზრებები უკვე მმართველი პარტიის მოსაზრებებია, – ამის შესახებ საპრეზიდენტო კანდიდატმა დავით უსუფაშვილმა პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.

„მიუხედავად იმისა, რომ აღარ დარჩა ხელმოსაჭიდი, კიდევ ერთხელ მივმართავ მმართველ პარტიასაც და მათ ფავორიტ კანდიდატსაც, კარგად დაფიქრდნენ, რას ლაპარაკობენ, რა შეიძლება დაუჯდეს ქვეყანას ამ ტიპის ლაპარაკიც კი, არა თუ ამ პოზიციების მქონე კანდიდატი ხვალ პრეზიდენტად. ეს ყოვლად წარმოუდგენელი დამოკიდებულებაა სახელმწიფოებრივი საკითხებისადმი, იმ ვითარებაში, როდესაც რუსეთს ქვეყნის ტერიტორიები ოკუპირებული აქვს და გამალებით ცდილობს, საერთაშორისო საზოგადოებაში გაიტანოს თავისი პოზიცია, რომ ეს ტერიტორიები გაექცნენ ქართულ აგრესიას, საქართველოდან წარმოებულ ომს. თუ ეს ასეა, მათ აქვთ ლეგიტიმური უფლება, იყვნენ როგორც არიან და ხვალ შეიძლება რუსეთს შეურთდნენ. საით მიჰყავთ საქმე, იქნებ ცოტა გამოფხიზლდნენ“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა გუშინ განაცხადა, „ის, რომ რუსეთი არის საქართველოს ოკუპანტი, საქართველოს არის აგრესორი, დაიწყო ომი კიდევ ერთხელ 1801 წლიდან,  შემდეგ როცა შემოვიდა წითელი არმია, რის გამოც მე დავიბადე უცხოეთში, ეს თუ არ ვიცი, მაშინ არაფერი არ მცოდნია.  დავბომბეთ ჩვენი მოსახლეობა, რისი უფლება არც ერთ პრეზიდენტს არ გააჩნია. ჩვენ მეორე დღეს როგორ უნდა ვთქვათ, რომ ქვეყნის მთლიანობა გვინდა. მე მინდა მთლიანობა ამ ქვეყნის და არ მინდა, რომ პრეზიდენტმა დაბომბოს თავისი ტერიტორია და მოქალაქეები“.