დავით უსუფაშვილი - ხვალ, 2014 წელს მმართველი კოალიციისთვის მიწერილ წერილს გავასაჯაროებ
ხვალ, 2014 წელს მმართველი კოალიციისთვის მიწერილ წერილს გავასაჯაროებ, – ამის შესახებ პრეზიდენტობის კანდიდატმა, დავით უსუფაშვილმა „მოამბის“ ეთერში განაცხადა.
„ეს ის საკითხებია, რასაც ოთხი წლის წინ, ოქტომბრის დღეებში ჩემს კოლეგებს ვწერდი, რა თქმა უნდა, შიდა ურთიერთობებში. მაშინ მე ჩვენი კოალიციის ეთიკას და ელემენტარულ გუნდურობას ვიცავდი და შიგნით ვიბრძოდი იმისთვის, რაზეც დღეს ვლაპარაკობ“, – განაცხადა უსუფაშვილმა.
როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, ის საჯაროდ ახლაც იგივეს ლაპარაკობს, რასაც მმართველ გუნდში ყოფნისას ლაპარაკობდა.
„ეს არის სპეცსამსახურების როლი არჩევნებში და ყველა სხვა საკითხებში, სადაც ეს როლი არ უნდა ჰქონოდათ; ეს არის არაფორმალური გადაწყვეტილებები, რომლებიც უკვე მრავლდებოდა და არაკომპეტენტურობა, რაც საჯარო სამსახურში ხდებოდა; ხალხის დაწინაურება პარტიული ლოიალობის მიხდვით და არა კვალიფიკაციის მიხედვით და ა.შ.“, – განაცხადა უსუფაშვილმა.
დავით უსუფაშვილმა ასევე განაცხადა, რომ მას პრეზიდენტ მარგველაშვილის მინუსებზეც გაუმახვილებია ყურადღება და პლუსებზეც, მაგრამ ამ ქვეყანას არ აქვს ფუფუნება, რომ ყოფილ პრეზიდენტებს და პრემიერ-მინისტრებს ან სახლში წასვლა უხდებოდეთ, ან უცხოეთში გადახვეწა, ან კიდევ – ციხეში ჩაჯდომა.