დავით უსუფაშვილი - ხელისუფლება პანიკაშია, თავდაუზოგავი მუშაობის ნაცვლად, აკეთებენ სპეკულაციებს, რა მოხდება, თუ სტატუსს ვერ მივიღებთ
დავით უსუფაშვილი - ხელისუფლება პანიკაშია, თავდაუზოგავი მუშაობის ნაცვლად, აკეთებენ სპეკულაციებს, რა მოხდება, თუ სტატუსს ვერ მივიღებთ

ხელისუფლება პანიკაშია, ნაცვლად იმისა, რომ თავდაუზოგავად მუშაობდნენ ყველასთან ერთად, რომ მივიღოთ ის სტატუსი, რაც გვეკუთვნის, აკეთებენ სპეკულაციებს, რა მოხდება მას შემდეგ, თუ ამ სტატუსს ვერ მივიღებთ, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ახლა „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ცდილობს, სიტუაციიდან გამოსავალი იპოვოს.

უსუფაშვილის განცხადებით, ოპოზიციამაც და ხელისუფლებამაც უნდა აჩვენოს, რომ ერთად დგას.

„მათ უკვე დაასკვნეს, იმდენად დააზარალეს ქვეყანა, პრობლემები შეუქმნეს და სრულიად დამსახურებული სტატუსი ევროკავშირის წევრობის კანდიდატობისა აღარ გვეძლევა. ახლა ერთადერთ რამეს ცდილობენ, რომ გამოძვრნენ ვითარებიდან და ვიღაცებს რაღაცები დააბრალონ? ეს არის პანიკა ყველაფერთან ერთად. მივმართავ მათ, პანიკაში კი ნუ ჩავარდებით, ყველამ ერთად, ჩავკიდოთ ხელი ერთმანეთს და ჩავიდეთ ყველა დედაქალაქში, მათაც ვანახოთ, რომ ჩვენ ერთად ვართ. შარლ მიშელის შეთანხმება დავიჭიროთ ხელში, ევროკავშირის ფასილიტაციით შექმნილი საგზაო რუკა ევროპისკენ, რომელიც გადააგდეს და მანამდე დააზარალა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, რომელიც ძალიან გვიან შემოუერთდა. ეს ნაბიჯებია ახლა გადასადგმელი და არა ის, რომ გავიშვიროთ ხელი იქით, რა იქნება როცა არ მოგვცემენ სტატუსს, ეს არის პანიკის შედეგი. კობახიძის განცხადებას არის სუპერ სახიფათო. როდესაც საკუთარ უუნარობას უკვე ახლა ევროპელების უმადურობით ხსნის ჰიპოტეტურ შემთხვევაში. ის, რაც თვითონ ვერ გააკეთა, ამაშიც კი დაზღვევას აკეთებენ. მიდიან იმაზე, რომ გააღვივონ საზოგადოებაში ანტიევროპული განწყობები, თითქოს მთავრობა ისჯება, რომ ქართველი ხალხის ინტერესებს იცავდა. ისინი კიდევ რაღაც სხვას გვთხოვენ და ასე შემდეგ. ამაზე ანტიევროპული, ანტიეროვნული და ანტისახელმწიფოებრივი განცხადება ძნელი წარმოსადგენია. რაღაც მოსალოდნელ დიდ მთავრობის მარცხს პროგნოზირებენ და ამიტომ აკეთებენ ამ ტიპის განცხადებებს. არ მგონია, რომ ეს იყოს ქვეყნისთვის სამსახური. ეს არის საკუთარი ინტერესებისთვის სამსახური, ქვეყნისთვის სამსახურია დარჩენილ დროში ერთად მუშაობა იმისთვის, რომ დამსახურებული სტატუსი მივიღოთ“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

ამასთან, უსუფაშვილმა კომენტარი გააკეთა საქართველოში ევროკავშირის ელჩის განცხადებაზე.

„დაგვეხმარეთ, რომ ევროპული სტანდარტები დაიცვათ თქვენს ქვეყანაში, რომ შემდგომ გავაძლიეროთ დახმარება, ეს რეალობაში რას ნიშნავს, იცით? მაგალითად, ბალტიისპირეთმა, რომელიც დაეხმარა ევროპას იმით, რომ რეფორმები გაატარა სწრაფად და ხარისხიანად მერე ევროპა მათ დაეხმარა 40 მილიარდი დოლარით და მთელი ინფრასტრუქტურა, რომელსაც ჩვენ ახლა ვალებით ვაშენებთ, მათ გრანტებით ააშენეს. მათი ბიზნესები მჭიდროდ დაუკავშირდა ევროპულ ბიზნესებს, აყვავდა, ტექნოლოგიები მიიღეს, სამუშაო ადგილები შეიქმნა, მაღალი ხარისხის საგანმანათლებლო დაწესებულებები შეიქმნა, აი ესაა ის, რითიც ისინი დაგვეხმარებიან თუ ჩვენ მათ დავეხმარებით“, – განაცხადა უსუფაშვილმა.