დავით უსუფაშვილი - ხავიერ კოლომინას ესპანური ფეხბურთის მაგალითით ვუთხარი, რა დღეში ვართ, რომ „ბარსა“ და „რეალი“ ბეისბოლის ჯოხებით თამაშობენ ფეხბურთს და ამტვრევენ ერთმანეთსაც, საზოგადოებასაც
დავით უსუფაშვილი - ხავიერ კოლომინას ესპანური ფეხბურთის მაგალითით ვუთხარი, რა დღეში ვართ, რომ „ბარსა“ და „რეალი“ ბეისბოლის ჯოხებით თამაშობენ ფეხბურთს და ამტვრევენ ერთმანეთსაც, საზოგადოებასაც

ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა კიდევ ერთხელ სპეციალურად გაუსვა ხაზი იმას, რომ ნატო თავის პოზიციაზე რჩება, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, დავით უსუფაშვილმა ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილესთან, ხავიერ კოლომინასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, კარი ღიაა და საქართველო ამ კარისკენ მიმავალი სასურველი მომავალი წევრია.

„ასევე, სპეციალურად გაუსვა ხაზი, რომ მას პირადად, ნატო-ს ძალიან ბევრ სახელმწიფოსა და ნატო-ს შტაბბინაში აღელვებთ საქართველოში ბოლო წლებში დემოკრატიული რეფორმების ნელი ტემპი და დაწყებული საქმეების ბოლომდე არ და ვერ მიყვანა. კერძოდ, მან სპეციალურად ხაზი გაუსვა შარშანდელი 19 აპრილის შარლ მიშელის შეთანხმების შეუსრულებლობას და ზოგადად ამ შეთანხმებისადმი დამოკიდებულებას. მან ღიად და გულახდილად გვითხრა, რომ ამის გამო გაჩნდა კითხვები, რომლებზეც არგუმენტირებული პასუხები ვერ და არ იქნა მოსმენილი. ანუ ეს ყველაფერი რას ნიშნავს, ნატო რჩება საქართველოსთვის ღია და მონდომებული, რომ ჩვენ შევძლოთ ნატო-ს წევრობა, მაგრამ ეს დამოკიდებულია ჩვენს შიდა პოლიტიკურ ვითარებაზე, ორპოლუსიანობის დასრულებაზე, რაზეც მან ასევე ისაუბრა. საუბარი შეეხო ბოლო თვეებში უკრაინაში შექმნილ ვითარებას და ამ ფონზე ალიანსის ახალი პოლიტიკის აუცილებლობას. დადგა აუცილებლობა არამხოლოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯის წინ, ინტეგრაციისთვის და კოლექტიური უსაფრთხოების სისტემის გაძლიერებისთვის, არამედ წინ ნახტომისთვის“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

დავით უსუფაშვილის განცხადებით, მადრიდის სამიტზე უნდა ვნახოთ ძალიან კონკრეტული გადაწყვეტილებები.

„გადაწყვეტილებები, რომელიც იქნება საქართველოსთან დაკავშირებით და არამხოლოდ საქართველოსთან დაკავშირებით. იმ ტიპის გადაწყვეტილებები, რომელიც საქართველოს უსაფრთხოებას ახლავე გააძლიერებს და წევრობამდე გზას შეამოკლებს. შეხვედრაზე პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა, რომ „ქართული ოცნება“ რჩება და არის ნატო-ში საქართველოს ინტეგრაციის მომხრე და სურს, რომ წევრობა დაჩქარდეს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენმა პარტნიორებმა დაინახონ საქართველოში მოსახლეობის განწყობის ადეკვატური პოლიტიკური განწყობები პოლიტიკურ პარტიებს შორის“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

ამასთან, კითხვაზე, როგორ ხედავს ხავიერ კოლომინა საქართველოში პოლარიზაციის დასრულებას, უსუფაშვილი აცხადებს, რომ სტუმარს არსებული ვითარება კონკრეტული მაგალითებით აუხსნა.

„ვინაიდან სტუმარი ესპანელია, ესპანური ფეხბურთის მაგალითით ვუთხარი, რა დღეში ვართ ჩვენ, რომ ორი მთავარი მოთამაშე „ბარსა“ და „რეალი“ ფეხბურთის მოედანზე ბეისბოლის ჯოხებით თამაშობენ ფეხბურთს. ამ ბეისბოლის ჯოხებით ერთმანეთსაც ამტვრევენ, საზოგადოებასაც და სხვა პოლიტიკურ ძალებსაც და ეს საქართველოს უკან ეწევა, ეს არის დასამთავრებელი. ხავიერ პოლომინაც ამაზე საუბრობდა, რომ უნდა იყოს სერიოზული რეფორმები სასმართლოს მიმართულებით, საარჩევნო სისტემის და არჩევნებისადმი ნდობის მიმართულებით, უსაფრთხოების სექტორზე დემოკრატიული კონტროლის მიმართულებით. დღეს შექმნილ ამ საგანგებო ვითარებაში ცხადია, საგანგებო ზომებია მისაღები და ჩვენ მას ვუთხარით, რომ ველით ნატო-სგან საგანგებო ნაბიჯებს, მაგრამ მან ხაზი გაუსვა მკაფიოდ, რომ ისინიც საქართველოსგან ელიან საგანგებო ნაბიჯებს და ჩვენ ტრადიციული, პოლიტიკური იწილო-ბიწილოდან როგორღაც ამოსვლას და სერიოზულად შეხედვას სერიოზული საქმეებისადმი და დალაგებას იმისთვის, რომ ქვეყანამ ტრაგედია აიცილოს. ვისთანაც ტრაგედია ტრიალებს, მას მაქსიმალურად გვერდში დაუდგეს და პოსტტრაგედიულ ვითარებაში საქართველომ უსაფრთხოებაც გაიძლიეროს, ეკონომიკური მდგომარეობაც და ყველა სხვა თვალსაზრისით წინ წავიდეს. ამას სჭირდება საგანგებო ნაბიჯები ქვეყნის შიგნითაც“, – განაცხადა უსუფაშვილმა.