დავით უსუფაშვილი - „ოცნებამ“ წარმატებით გადალახა თავისივე შექმნილი პრობლემა და პარლამენტის თავმჯდომარე გაემგზავრება კიევში, მნიშვნელოვანია ეს და არა ის, ვინ იქნება დელეგაციაში
დავით უსუფაშვილი - „ოცნებამ“ წარმატებით გადალახა თავისივე შექმნილი პრობლემა და პარლამენტის თავმჯდომარე გაემგზავრება კიევში, მნიშვნელოვანია ეს და არა ის, ვინ იქნება დელეგაციაში

კარგია, რომ „ოცნებამ“ წარმატებით გადალახა თავისივე შექმნილი პრობლემა და პარლამენტის თავმჯდომარე უახლოეს დღეებში გაემგზავრება კიევში, ძალიან ბევრი საკითხი და პრობლემა, რომელიც ორ ქვეყანას შორის გაჩნდა მთავრობის წარმომადგენლების და უმრავლესობის გამოისობით, მოგვარდება – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ უკრაინაში მაღალი დონის ვიზიტი განხორციელდება.

„ეს არის შედეგი იმ ძალიან დიდი მცდელობისა, რაც გვქონდა ოპოზიციას, ვინაიდან, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარემ უარი განაცხადა წასვლაზე, ჩვენ ვთქვით, რომ ყველანი ჩავიდოდით იქ. ცხადია, ეს იყო სერიოზული წნეხი „ოცნებაზე“ და გახდნენ იძულებული, გასულიყვნენ კონტაქტზე. ის, რაც თვე-ნახევრის წინ უნდა გაკეთებულიყო და პირად-პერსონალური კონტაქტებით მოეგვარებინათ, დღეს ხდება, ეს არის კარგი ქვეყნისთვის, საქართველოსთვის, უკრაინისთვის“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

დავით უსუფაშვილის თქმით, საპარლამენტო დელეგაცია უკრაინაში მოგვიანებით ჩავა.

„რაც შეეხება დელეგაციებს, მნიშვნელოვანია იქ პარლამენტის თავმჯდომარის ჩასვლა და არა ის, ვინ იქნება დელეგაციაში.  ჩვენი გეგმა რჩება ძალაში, მრავალპარტიული დელეგაცია  ჩავა უკრაინაში სათანადო დროს და ადგილზე. ახლა პრიორიტეტულია პარლამენტის თავმჯდომარის ჩასვლა, რათა ორ ქვეყანას შორის ოფიციალურ დონეზე, რაც შეიძლება მაღალ დონეზე შედგეს ეს კონტაქტი და მოგვარდეს პრობლემები“, – განაცხადა უსუფაშვილმა.