დავით უსუფაშვილი - კანდიდატის სტატუსის მისაღებად მინდა 12 პუნქტის წარმატებით შესრულება, რადგან ამ შემთხვევაში არსებულ ხელისუფლებასთან ცივილიზებული საარჩევნო გზით გამკლავება გაცილებით ადვილია
დავით უსუფაშვილი - კანდიდატის სტატუსის მისაღებად მინდა 12 პუნქტის წარმატებით შესრულება, რადგან ამ შემთხვევაში არსებულ ხელისუფლებასთან ცივილიზებული საარჩევნო გზით გამკლავება გაცილებით ადვილია

ხელისუფლებას ევროკავშირის წევრობის კანდიდატობა კი არ უნდა, ხელისუფლების შენარჩუნება უნდა, – განაცხადა „ლელოს“ წევრმა, დავით უსუფაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“.

„კანდიდატის სტატუსის ვერმიღების შემთხვევაში შიგნიდან რა პრობლემებიც ელის, ამის მოსაგვარებლად მეორე პროპაგანდისტულ წრეს ამზადებს, რომ ვითომ, მე არ მინდოდა კანდიდატის სტატუსი, ოპოზიციას, ან ევროპა რაღაც საბაბს ეძებს, რომ ჩვენ უარი გვითხრას“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

„ლელოს“ წევრმა ასევე თქვა, რომ მას უნდა 12 პუნქტის წარმატებით შესრულება, რათა კანდიდატის სტატუსი მივიღოთ.

„მინდა 12 პუნქტის წარმატებით შესრულება, რათა კანდიდატის სტატუსი მივიღოთ, რადგან კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანაში არსებულ ხელისუფლებასთან ცივილიზებული საარჩევნო გზით გამკლავება და მისი ხელისუფლებიდან ჩამოშორება გაცილებით ადვილი და მარტივია, ვიდრე ამ სტატუსის ვერმიღების შემდეგ, როდესაც ხელისუფლება აუცილებლად გააძლიერებს იმ პროპაგანდისტულ ხაზს, რომელიც უკვე შექმნილი აქვს. პლატფორმა, ოთხს პლუს ხუთი, თუ რაღაც რომ არის, განდევნილები, თუ განდგომილები და სინამდვილეში აღზევებულები. ეს არანაირი „ხალხის ძალა“ არაა, ოცნების ძალაა, მკვეთრად ანტიდასავლური პოლიტიკა, რიტორიკა და მკვეთრად დაჯდომა იმ პროპაგანდისტულ ხაზზე, რასაც კრემლი ქადაგებს“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, ხელისუფლება ორი სცენარისთვის ემზადება.

„ხელისუფლება არის მძიმე მდგომარეობაში, რადგან იცის, რომ კანდიდატის სტატუსის ვერმოპოვება მისი ამომრჩევლის ძალიან დიდ ნაწილში ძალიან სერიოზულ პროტესტს გააჩენს და ამიტომ, ორი სცენარისთვის ემზადება – მინიმალისტური ნაბიჯებით, ანუ, დემოკრატიულობის საბურველში გადადგმული ნაბიჯებით იქნებ, თავი მოაწონოს ევროპას და მივიღოთ ეს სტატუსი, მაგრამ ამასობაში, მეორე ვერსიისთვის ემზადება. თუ ეს არ მოხდა და მისი მინიმალისტური რეფორმები საკმარისი არ აღმოჩნდა, იმ 4+5 პლატფორმით, მკვეთრად ანტიდასავლური პლატფორმის მიერ მომზადებული პროპაგანდისტული საშუალებებით უნდა, მისი ეს წარუმატებლობა დააბრალოს ევროპას, რომელიც თურმე, ისევ ომს, რაღაც უბედურებას გვთხოვდა და ქართულ ოპოზიციას, რომელიც ამბობდა, ეს რეფორმები არ არის საკმარისიო, რათა ამომრჩევლის ის ნაწილი შეინარჩუნოს, რომლის გარეშეც ხელისუფლებას ვერ შეინარჩუნებს“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, ხელისუფლებას ევროპის შიშები აქვს, რადგან იმ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებენ, რაც იქიდან მოდის და გაუჩნდათ განცდა, რომ სჯობს, ქართველი ხალხი პატრიოტული რიტორიკით სუვერენიტეტზე ლაპარაკით გააბრუონ.

„ახლა აღმოაჩინეს, რომ თურმე, ევროკავშირში რომ შევალთ, ამან შეიძლება, ჩვენი სუვერენიტეტი შეზღუდოსო. ის ხალხი აქ რომ მოგყავთ, ჰკითხეთ ერთი, კონსტიტუციაში თვითონ რომ ჩაწერეს, ყველა სახელმწიფო ორგანოს ვალდებულებაა, ყველაფერი გააკეთოს ნატო-ში და ევროკავშირში გასაწევრიანებლადო, მაშინ არ იცოდნენ, რომ რამეში გაწევრიანება, ისევე, როგორც ოჯახის შექმნა, ნიშნავს პირადი თავისუფლების რაღაც ნაწილზე უარის თქმას და ა.შ?“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.