დავით უსუფაშვილი - კანდიდატებს ყველა ოლქისთვის ვამზადებთ, თუმცა ცალკეულ შემთხვევებში შესაძლოა, ამა თუ იმ პარტიიდან დასახელებული კონკრეტული პიროვნება გავითვალისწინოთ
დავით უსუფაშვილი - კანდიდატებს ყველა ოლქისთვის ვამზადებთ, თუმცა ცალკეულ შემთხვევებში შესაძლოა, ამა თუ იმ პარტიიდან დასახელებული კონკრეტული პიროვნება გავითვალისწინოთ

„ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ პარტია მაჟორიტარობის კანდიდატებს 30-ვე ოლქისთვის ამზადებს.

თუმცა, მისივე განმარტებით, ცალკეულ შემთხვევებში შესაძლოა, ამა თუ იმ პარტიიდან დასახელებული კონკრეტული პიროვნება გაითვალისწინონ და შესაბამისი გადაწყვეტილებაც მიიღონ.

აქედან გამომდინარე, არ არის გამორიცხული, პარტიამ რამდენიმე ოლქში საკუთარი კანდიდატი არ წარადგინოს.

„ცხადია, „ლელო“ მიჰყვება საკუთარ გეგმას. ამასობაში ყურადღებით აკვირდება მოვლენებს, რადგან ჩვენ ვაკუუმში არ ვარსებობთ საქართველოში. „ლელო“ თავისი სტრატეგიის ერთგული რჩება, რომელიც ჩვენ სამი თვის წინ გამოვაცხადეთ. 8 მარტის შეთანხმება და შემდგომი საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც ნიშნავს, რომ საქართველოს პარლამენტში 120 მანდატი იქნება პროპორციული და 30 მაჟორიტარული. 30 მაჟორიტარული ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ სრულიად ცალსახაა, რომ 120 მანდატის განაწილების ბედი არის გადამწყვეტი.

ჩვენ არ ვაპირებთ, რომ მხოლოდ მაჟორიტარული თემით ვიყოთ დაკავებული. ჩვენ პარტია „ლელოს“ წარმატებას ვუკავშირებთ იმ პრობლემების მოგვარებას, რომლებიც მოსახლეობას აწუხებს. აქედან გამომდინარე, ჩვენ მაჟორიტარებთან დაკავშირებით ვთქვით, რომ ყველა ოლქისთვის ვამზადებთ კანდიდატებს, თუმცა ცალკეულ შემთხვევებში შესაძლოა, გავითვალისწინოთ კონკრეტული პიროვნება ამა თუ იმ პარტიიდან დასახელებული, კონკრეტული კონიუქტურა მეზობელ ოლქში რა ხდება, ჩვენი კანდიდატის პლუს-მინუსები როგორია.

შესაძლებელია, გვქონდეს გარკვეული კორექტივები, 30-ვეში დავასახელებთ, თუ რამდენიმე ადგილზე დავასახელებთ, თბილისშიც და რეგიონებშიც. ჩვენ ყველა ოპოზიციურ პარტიასთან გვაქვს პატივისცემით სავსე დამოკიდებულება, მაგრამ ვართ კონკურენტები, ვინაიდან მთავარი პროპორციული სიის ბიულეტინში პარტია „ლელო“ იქნება ცალკე და ყველა ეს პარტია ცალკე. მიუხედავად კონკურენციისა, ბევრთან გვაქვს საინტერესო ურთიერთობა და თანამშრომლობა. თბილისის შემთხვევაში ჩვენ არ ვყოფილვართ იმ შეთანხმებაში და არავისთან ვართ შეზღუდული რაიმე ნათქვამი სიტყვით, მაგრამ აქაც შესაძლოა, რაღაცები გავითვალისწინოთ. ასევე იქნება რეგიონებშიც“, – აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.