დავით უსუფაშვილი - ირაკლი ოქრუაშვილი თუ ამბობს, რომ სიყალბის, ცრუ ჩვენებების, ამორალური გარიგებების შუამავალი ვიყავი, სიცრუეა
დავით უსუფაშვილი - ირაკლი ოქრუაშვილი თუ ამბობს, რომ სიყალბის, ცრუ ჩვენებების, ამორალური გარიგებების შუამავალი ვიყავი, სიცრუეა

ირაკლი ოქრუაშვილი თუ ამბობს, რომ მე რაიმე ფორმით სიყალბის, ცრუ ჩვენებების, ამორალური გარიგებების შუამავალი ვიყავი, ეს არის სიცრუე, – ასე უპასუხა „შენების მოძრაობის“ ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებას.

ირაკლი ოქრუაშვილმა აღნიშნა, რომ 2014 წელს, ადგილობრივი არჩევნებისას გორში მერობაზე კენჭისყრას აპირებდა და „ქართულ ოცნებასთან“ „საერთო ენის გამონახვა“ სურდა. ოქრუაშვილი ამბობს, რომ ამისთვის შუამავლობა პარლამენტის მაშინდელ თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს სთხოვა. ოქრუაშვილის თქმით, უსუფაშვილმა მას სმს-ით ბიძინა ივანიშვილის დანაბარები გადასცა და ამის შემდეგ, მისივე თქმით, გორში არჩევნებში მხარდაჭერის სანაცვლოდ შოთაძემ ჩვენების მიცემა მოსთხოვა, იმ სახით, რა სახითაც მიცემული აქვს.

დავით უსუფაშვილი ამბობს, რომ 2014 წელს ირაკლი ოქრუაშვილი თავისი ინიციატივით შეხვდა და უთხრა, რომ მას ჰქონდა მზაობა, პროკურატურისთვის მიეცა ჩვენებები მნიშვნელოვან გამოძიებებსა და საქმეებზე.

„მას ჰქონდა სურვილი „ქართულ ოცნებასთან“ პოლიტიკური თანამშრომლობის და მთხოვა, გადამეცა ივანიშვილისთვის. მე ღარიბაშვილს და ივანიშვილს ეს გადავეცი და ოქრუაშვილს დავუბრუნე მათი პასუხი – შოთაძე დაგიკავშირდება, ითანამშრომლე გამოძიებასთან, რისთვისაც მზად ხარ, დანარჩენზე მერე ვისაუბროთ. ეს იყო ის ამომწურავი ფაქტი და ეს კონკრეტული რეალობა, რაც მე მაკავშირებს ამ საქმესთან. არანაირი მსჯელობა ოქრუაშვილის მხრიდან, რომ ის იყო მზად სიყალბეებზე, ან ივანიშვილის მხრიდან, რომ თუ სიყალბეებს ჩაიდენ გეთანამშრომლები, მსგავსი არაფერი ყოფილა ჩემი თანდასწრებით.

ჩემი მონაწილეობით ეპიზოდი შეეხებოდა ოქრუაშვილის მხრიდან ჩვენებების მიცემის მზაობას. ზოგადად საუბრობდა, რომ იმ პერიოდში რა საქმეებთანაც მქონდა ურთიერთობა, ყველაფერზე მზად ვარ, მივცე ჩვენებები პროკურატურას და მინდა, მაქვს სურვილი „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობისო. თუ ის ამბობს, რომ მე რაიმე ფორმით ვიყავი შუამავალი სიყალბის, ცრუ ჩვენებების, ამორალური გარიგებების, ამაზე თუ საუბრობს, ეს არის სიცრუე“,- განაცხადა უსუფაშვილმა.